logo
ENG



"ნიკამ, მეფე ვარო, მე უნდა ვყოფილიყავი ქვეშევრდომი" - დოროყაშვილის ჩვენება სასამართლოში

16 აგვ 202212:53
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/16/4rcopspirjavn57.png
ფოტო: IPN

ნეკა დოროყაშვილმა, რომელიც ყოფილ ქმარს, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ძალადობაში ადანაშაულებს, სასამართლოში ჩვენება მისცა. 

დოროყაშვილმა ისაუბრა ყოფილი ქმრის მხრიდან წლების განმავლობაში ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე. 

ჩვენება ინტერპრესნიუსმა გამოაქვეყნა. გამოცემის თანახმად, ნეკა დოროყაშვილმა თქვა: 

"ჩვენ 2011 წელს გავიცანით ერთმანეთი, წელიწადნახევრის შემდეგ გადავწყვიტეთ ქორწინება, ჩემთვის ამაზე საუბარი ემოციურია, მაგრამ ვეცდები ყველა ფაქტი აღვწერო. გავიარეთ რთული პერიოდი და რვაწლიანი თანაცხოვრების ერთ დღეში მოყოლა რთულია, მაგრამ ძალიან მალევე აღმოვაჩინე, რომ მანამდე თურმე საერთოდ სხვა ადამიანს ვხვდებოდი და დაქორწინების შემდეგ ნიკოლოზი ახლიდან გავიცანი. რაც ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, ქორწილის დღეს ქალი ბედნიერი უნდა იყო, მე ვიყავი ძალიან უბედური. ქორწილის საღამოს ნიკოლოზის დედა რაღაცაზე გაბრაზდა, დაელაპარაკა ნიკოლოზს. ნიკოლოზი დაჯდა ჩემს მაგიდასთან და მაგიდის ქვეშიდან ხელზე მიჩქმიტა. მეტკინა ძალიან, ვკითხე რა ხდებოდა და არ მიპასუხა. ამის შემდეგ, მახსოვს დედამისი ადგა და ჩვენი ქორწილი დატოვა. ეს იმ მომენტში ძალადობრივ ქმედებად არ აღმიქვამს, მაგრამ ეს იყო ჩემთვის ხელით პირველი შეხება და ემოციურად რთული. მანამდე ასე არ იყო. არ ვიცი, მანამდე თანაცხოვრება არ გვქონია, ერთი ან ორი საათით თუ პარკში გავისეირნებდით.

2015 წელს ბავშვი შეგვეძინა, მახსოვს, რომ ორსულობის პერიოდში ძირითად დროს მარტო ვატარებდი. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელი ორსულობა მქონდა, ნიკოლოზი თვლიდა, რომ სახლში უნდა ვყოფილიყავი მე მას ვემორჩილებოდი. მშობიარობის დღეს მარტო ვიყავი, მეორე დღეს ჩამოვიდა ნიკოლოზი". - თქვა ნელი დოროყაშვილმა

მისივე თქმით, ორსულობის დროს ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი დედა ამბობდნენ და აჯერებდნენ, რომ შეურაცხადი იყო. 

"როდესაც ორსულად ვიყავი, სხვადასხვა ცხოველების სახელს მეძახდა - ვირთხას, გველს, რწყილს. ამ სიტყვებით მოიხსენიებდა ჩემს ოჯახის წევრებს.

მახსოვს, მითხრა, რომ რეპუტაციულად არ აწყობდა ჩვენი დაშორება. ასევე სოციალურ ქსელში თუ ვინმე ფოტოს "დამილაიქებდა" მირეკავდა. მაკონტროლებდა, მირჩევდა მეგობრებს, თუ რა ფოტოები დამედო და ა.შ. თვლიდა, რომ არ უნდა მემუშავა და სწავლა არ გამეგრძელებინა. ჩემი აზრით, ვერ იტანდა, როცა მე ვიყავი კარგად და ალბათ, ამ ყველაფერს ამიტომ აკეთებდა.

მეუბნებოდა, მე დამემორჩილე, მე ვარ მამაკაცი და უნდა დამემორჩილოო. ქორწინებიდან 5-6 თვეში დაიწყო ჩემი დამცირება, რასაც ნელ-ნელა მოჰყვებოდა ფიზიკური ძალადობა.

ძალიან მრცხვენია, რომ ამას ვყვები.

თავიდან დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩემი ოჯახის წევრების მიმართ, შემდეგ იყო ძალადობა. ყოფილა შემთხვევა, კონფლიქტის მერე საწოლზე წამოვწოლილვარ, გამოუტანია მაცივრის წყალი და ჩემთვის დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა სახეში. გარკვეულ წარმატებას როდესაც მიაღწია, ერთ დღეს გამომიცხადა, რომ მეფე ვარო და მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც მისი ქვეშევრდომი. მას მუდმივად ჰქონდა იმის შიში, რომ რამე არ გადამეღო და არ ჩამეწერა.

ნიკას დედა მოიგონებდა რამე ისტორიას და ამ საუბრის შემდეგ ნიკა ჩემზე ძალადობდა. ღამე მშვიდად არ მეძინა. სულიერად სულ ტანჯვაში ვიყავი. ეს არამხოლოდ თანაცხოვრებას ეხება, სულ ხდებოდა ასეთი ფაქტი, ანუ ფსიქოლოგიური ზეწოლა სულ იყო". 

ნეკა დოროყაშვილის თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილი იმის გამოც შეურაცხყოფდა, რომ მათი შვილი დროზე ადრე დაიბადა. 

"მითხრა, უდღეური დაიბადა ჩემი შვილიო და მრცხვენია, რომ ასეთი დაიბადაო. მთხოვდა, რომ მეთქვა ბავშვი თითქოს 4 კგ დაიბადა. მე ვკითხე, რა მნიშვნელობა აქვს, 2 კგ დაიბადა თუ 4 კგ-მეთქი, რაზეც მიპასუხა, შენ ხარ უჯიშო და ისიც გეყოფა, რომ უდღეური დაიბადა ბავშვიო". - თქვა ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე. 

***

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი ცოლი, ნელი დოროყაშვილი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს. 

სასამართლომ მას 100 ათას ლარიანი გირაოც დააკისრა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის, მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ადვოკატის განმარტებით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილზე გენდერული ნიშნით ფიზიკურად არაერთხელ იძალადა

ამასთანავე, დაცვის მხარის ცნობით, ბასილაშვილი წლების განმავლობაში გენდერული ნიშნით სისტემატურად - ფსიქოლოგიურად და ეკონომიკურად ძალადობდა ცოლზე, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. 

საბოლოოდ საქმის გამოძიება ძალადობის 5 ეპიზოდზე მიმდინარეობს. თავდაპირველად ბრალი ბასილაშვილს ძალადობის მხოლოდ 1 ეპიზოდზე ჰქონდა წარდგენილი. 

შემაკავებელი ორდერები გამოწერილია როგორც ბასილაშვილის, ისე მისი მშობლების მიმართ. პოლიციის მიერ გამოწერილი ორდერი სასამართლომ ძალაში დატოვა, ჩოგბურთელმა და მისმა მშობლებმა ის აღარ გაასაჩივრეს. 


close დახურვა