logo
ENG



"ოცნებიდან" ფორმალურად წასული ოთხეული ისევ შეურაცხყოფს აშშ-ის საელჩოს

22 აგვ 202211:20
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული ოთხი დეპუტატი: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი კიდევ ერთ წერილს აქვეყნებს. ისინი მორიგ ჯერზე შეურაცხყოფენ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს. 

ამჯერად ისინი სამართლიანი არჩევნების საკითხს ეხმაურებიან - ორგანიზაცია მმართველმა გუნდმა საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში არ მიიწვია. ქართულმა ოცნების წევრების განცხადებით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ სამართლიანი არჩევნები არ გაემიჯნა მთავრობის გადადგომის და ტექნიკური მთავრობის მოთხოვნას. 

"ოცნებიდან" ფორმალურად წასული ოთხეული დღევანდელ წერილში აშშ-ის საელჩოს თავს ამ კონტექსტში ესხმის. 

დეპუტატები მიუთითებენ, რომ ისფედი ბოლო 2 წლის განმავლობაში "ორჯერ მოექცა რევოლუციური პროცესების ავანგარდში". 

მათი თქმით, პირველი შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა 2020 წლის 1-ლ ნოემბერს ISFED-მა პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა, რაც, საბოლოო ჯამში, მცდარი აღმოჩნდა. 

მეორე შემთხვევად კი ოთხეული 2022 წლის ივნისის აქციებს ასახელებს. 

დეპუტატები ამბობენ, რომ ორივე პროცესში მათ აშშ-ის საელჩო მხარს უჭერდა და ენდობოდა. 

საბოლოოდ, მათი დასკვნით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში თავად არის ჩართული რევოლუციურ სცენარში და სწორედ ამას ადასტურებს მათი მხრიდან ისფედის გამოქომაგებაც

"პრინციპში, საელჩოს სხვა არჩევანი არც აქვს, რადგან ისფედი, რამდენიმე ენჯეოსთან ერთად, პირდაპირ არის ჩართული რევოლუციურ სცენარში, რომლის განხორციელება საელჩოს მიერ არის კოორდინირებული. სწორედ ამას უკავშირდება საელჩოს პირდაპირი გზავნილიც - მერე რა, რომ რევოლუციას აწყობდა. ისფედისგამოქომაგებით, საელჩო ქართულ ოცნებას პირდაპირ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს, ნაციონალური მოძრაობა მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს და ქართული ოცნება და საზოგადოება ამას მშვიდად უნდა შეეგუონ. თუ ხელისუფლება დათმობს და ისფედს სამუშაო პროცესში ჩართავს, ეს იქნება პირდაპირი კაპიტულაცია საელჩოს და ნაციონალური მოძრაობის წინაშე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ასე არ მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ 2 თვის წინ ისფედის ხელმძღვანელი იდგა პარლამენტის შენობის წინ აღმართულ სცენაზე, სადაც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი მთავრობის გადადგომასა და ენჯეოების მონაწილეობით ე.წ. ტექნიკური მთავრობის ფორმირებას ითხოვდა და ქვეყანას წალეკვით ემუქრებოდა.

როდესაც ამის შემდეგ საელჩო ისფედს ესარჩლება, აშკარაა, რომ სცენაზე იმ დღეს არა ისფედი, არამედ საელჩო იდგა და შესაბამის პოლიტიკურ მოთხოვნებსაც სინამდვილეში საელჩო აჟღერებდა.

საზოგადოებას ახსოვს, რომ ჩვენ ამერიკის ელჩს მოვუწოდეთ, გამიჯვნოდა რადიკალური ოპოზიციისა და შესაბამისი ენჯეოების რადიკალურ პოლიტიკურ მოთხოვნას მთავრობის გადადგომისა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის ფორმირების შესახებ, რაც მან არ გააკეთა. მიზეზი მარტივია - ამ მოთხოვნის ავტორი რეალურად საელჩოა, რომელიც მის დაყენებას, ცხადია, მომავალშიც გეგმავს.

რას შეიძლება უკავშირდებოდეს საელჩოს ისტერიული მცდელობა, ქვეყანაში არიოს სიტუაცია და ხელოვნურად მისცეს ბიძგი რევოლუციურ პროცესებს? ამას მხოლოდ ერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს - საქართველომ არ შეასრულა მეორე ფრონტის გახსნის მისია, რომელიც მას სრულიად უსამართლოდ გამოუწერეს და რომელიც დღესაც აქტუალურია. საელჩომ კარგად იცის, რომ ქვეყნის განადგურებას მოქმედი ხელისუფლება არასოდეს მოაწერს ხელს, ნაციონალური მოძრაობა კი ნებისმიერი დავალების შესრულებაზეა წამსვლელი. სხვა ახსნა ვერ ექნება საელჩოს ისტერიულ სურვილს, ხელისუფლებაში ქართული ოცნება ყოვლად დეგრადირებული ნაციონალური მოძრაობით ჩაანაცვლოს.

რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ენდიაის საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის განცხადებებიც, სადაც ის ხელისუფლების ლიდერებზე ამბობს, თუ დასავლეთი უნდათ, მაშინ დასავლეთს რატომ აკრიტიკებენო. ქალბატონ ლორას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ დასავლეთი მოგვწონს ფასეულობების გამო, რომლებიც, მათ შორის, სამართლიანობასა და გამოხატვის თავისუფლებასაც მოიცავს. როდესაც შენს ქვეყანას უსამართლოდ ექცევიან და შენ ამაზე ხმის ამოღების უფლებაც არა გაქვს, ამას არაფერი აქვს საერთო დასავლურ ფასეულობებთან. ჩვენთვის დოგმა არის არა დასავლეთი, არამედ ის ღირებულებები, რომლებსაც დასავლური სამყარო ტრადიციულად განასახიერებდა. 

როდესაც საელჩოს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება და იმ ყველაფრის გამეორება უნდა, რაც სააკაშვილის რეჟიმმა საქართველოს მოუტანა - მართული ხელისუფლება, ომი, მონოპოლიზებული მედია, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება და მრავალი სხვა - ასეთი დასავლეთი ჩვენთვის უცხოა. ჩვენ არ გვინდა ხელისუფლება, რომელიც ქვეყანაში კიდევ ერთხელ თავისი შინაარსით ანტიდასავლურ რეჟიმს დაამყარებს და ქვეყნისთვის საზიანო ნებისმიერ დავალებას მონასავით უსიტყვოდ შეასრულებს.

გარდა ამისა, დეპუტატების ოთხეული წერილში ეხება შვეიცარიულ ბანკს, Credit Suisse-ს და მის მიერ ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების გაყინვას. ისინი წერენ, რომ როგორც ჩანს, შვეიცარიაში დაამყარეს სააკაშვილის რეჟიმი და იქ არის რეკეტი, არასამართლიანი სასამართლო და არათავისუფალი მედია. 

"გასული თვეების განმავლობაში შვეიცარიაზე ბევრი რამ დაიწერა. შვეიცარია ისტორიულად ევროპაშიც კი მოწინავე დემოკრატიულ ქვეყნად ითვლებოდა. თუმცა, დღეს რა ხდება ამ ქვეყანაში? თუ ის ყველაფერი მართალია, რაზეც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ექსპერტები საუბრობენ - რეკეტი, არასამართლიანი სასამართლო და არათავისუფალი მედია, რაც საელჩოს ფავორიტი ხელისუფლების, სააკაშვილის რეჟიმის ხელწერა იყო - გამოდის, რომ მართვის ეს მოდელი დღეს შვეიცარიაშიც აქტიურად დაუმკვიდრებიათ. ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, რომელსაც ძველი შვეიცარია განასახიერებდა. ისეთი ევროპა კი, სადაც ბანკი, სასამართლო და მედია სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ საერთო ტოტალური კოორდინაციის ქვეშ მოქმედებენ, ჩვენ ნამდვილად არ გვინდა.

ჯანსაღი ლიბერალური ფასეულობები და ადამიანის უფლებები ქართველებს არავისგან გვესწავლება. ამას გვასწავლიდნენ ვაჟა-ფშაველა და ილია ჭავჭავაძე ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში. თუმცა, ვაჟა და ილია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებასაც კარგად გვასწავლიდნენ და გვარწმუნებდნენ, რომ არაფერს აქვს ფასი, თუ შენი თავი შენვე არ გეკუთვნის.

ჩვენ არ გვინდა ისეთი სახელმწიფო, სადაც ლიბერალიზმის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სახელით, რადიკალიზმისა და ავტორიტარიზმის დამკვიდრებას ცდილობენ. ჩვენ არ გვინდა ისეთი სახელმწიფო, სადაც ხელისუფლება სხვისი დავალებით საკუთარ ქვეყანას დამღუპველ ომში შეიყვანს.

წნეხი ძლიერია, თუმცა, გვჯერა, რომ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას ყველა წინააღმდეგობის დაძლევა შეუძლია". - წერია ოთხეულის წერილში. 


close დახურვა