ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ფორმულას გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები.
ამასთან, ქარტია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დროულად გამოიძიონ მომხდარი.
"ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია. ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტი"- ნათქვამია განცხადებაში.
დღეს, 24 აგვისტოს, ფორმულას გადამღებ ჯგუფს პირდაპირი ჩართვის დროს თავს დაესხნენ.
უცნობმა პირმა ჟურნალისტ რატი წვერავას მიკროფონი წაართვა, დანით ემუქრებოდა და ცდილობდა, ოპერატორს თავს დასხმოდა.