კულტურის ყოფილი მინისტრი, ნიკა ვაჩეიშვილი აცხადებს, რომ როგორც ხელისუფლება, ისე საპატრიარქო მალავენ მძიმე დასკვნას გელათის შესახებ.
ვაჩეიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ საქართველოს საპატრიარქომ თავადაც მოიწვია კომპეტენტური უცხოელი ექსპერტები გელათის ტაძრის მდგომარეობის შესაფასებლად.
"ჩემი ინფორმაციით, დასკვნაში გელათი კიდევ ერთხელ შეფასებულია, როგორც არაკომპეტენტურად ჩატარებული სამუშაოს გამო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი სიძველე, სადაც დაზიანების პროცესი დღესაც ინტენსიურად მიდის და ჩარევები კვლავ არაკომპეტენტურია!
საპატრიარქო რატომღაც არ ელოდა ასეთ კატეგორიულ და მძიმე შეფასებას. ყველა დაიბნა. შედეგად დასკვნა გასაიდუმლოებულ იქნა. იგი კვლავ სახელმწიფო უწყებაში გადააგზავნეს, იღონეთ რამეო.
დასკვნა დამალულია.
მას არ აქვეყნებს არც საპატრიარქო, ეს სახელმწიფოსთან დაპირისპირებას ნიშნავს.
და არ აქვეყნებს კულტურის სამინისტრო - სააგენტო, რომლმაც გელათი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.
საკითხი რჩება საზოგადოების (თუკი ასეთი არსებობს) აქტიურობის იმედად, რომ მან აიძულოს ეს ორგანოები - გამოაქვეყნონ სიმართლე გელათზე.
ამ მდგომარეობაში ვართ ახლა: ჩარაზული სიმართლე და არაკომპეტენტურობის დანაშაულებრივი ზეიმი!
მოვითხოვ: გამოაქვეყნეთ გელათის შესახებ უცხოელი ექსპერტების დასკვნა. მისი დამალვა არანაკლები დანაშაულია! გელათი ელის შველას!". - აცხადებს ნიკა ვაჩეიშვილი.
2020 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტომ გელათის მონასტერი დროებით თუნუქით გადახურა. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ ეს პროექტი ზამთარში გელათის ფრესკებს ვერ დაიცავდა. ამასთან, იტალიელმა რესტავრატორმა შეიმუშავა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გელათის სარესტავრაციო სამუშაოებში "დაშვებულია მძიმე მეთოდური შეცდომები, რაც ძეგლზე უმძიმესად იმოქმედებს".
იუნესკოს შეფასებით, ღვთისმშობლის ტაძარზე ცოტა ხნის წინ დამონტაჟებული კრამიტის სახურავი და წმინდა გიორგის ტაძარში ტენიანობის მუდმივმა პრობლემებმა დააზიანა კედლების მხატვრობა და მოზაიკა ორივე ეკლესიის შიგნით, რაც მის უნივერსალურ ღირებულებაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
გადახურვის შემსრულებელმა კომპანიამ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დაშვებული შეცდომები ნაწილობრივ მას შემდეგ აღიარა, რაც შაბათის ფორმულაში ამ თემაზე სიუჟეტი გავიდა. გელათის რესტავრაცია რამდენიმე წელია, მიმდინარეობს, თუმცა, სახურავის ნაწილი დაზიანებულია და ფრესკებს წვიმის წყალი აფუჭებს.