logo
ENG



საპენსიო სააგენტო: ჩატარდა ბაზის განახლების ტექნიკური სამუშაოები, ყველაფერი აღდგენილია

29 აგვ 202211:14
3 წუთის საკითხავი
 
საპენსიო სააგენტო: ჩატარდა ბაზის განახლების ტექნიკური სამუშაოები, ყველაფერი აღდგენილია

საპენსიო სააგენტო აცხადებს, რომ ჩატარდა ბაზის განახლების ტექნიკური სამუშაოები და ხარვეზიც სწორედ ამას უკავშირდებოდა. 

გუშინ, 28 აგვისტოს ინტერნეტბანკების მომხმარებლებს აპლიკაციაში საპენსიო დანაზოგის რაოდენობის მაჩვენებელი გაუქრათ. 

სააგენტოს პრესსამსახურის განცხადებით, ყველაფერი აღდგენილია. 

"ეს არის სტანდარტულად მიმდინარე პროცესი, 5-6 თვეში ერთხელ ტარდება. აუცილებელია იმისთვის, რომ  ბაზა განახლდეს და მოქნილად მუშაობდეს. შიშის საფუძველი არავის აქვს, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, სტანდარტული პროცესია, რომელიც ყოველთვის უქმე დღეებს ემთხვევა ხოლმე". - გვითხრეს საპენსიო სააგენტოში. 

ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. შეიქმნა საპენსიო სააგენტო, რომელიც თანხას განკარგავს. 

საპენსიო სქემაში ერთვება ყველა მოქალაქე, რომელიც ანაზღაურებას საკონტრაქტო ურთიერთობის შედეგად იღებს. 40 წელს მიუღწეველი დასაქმებულები ვალდებულები არიან, კანონის ამოქმედებისთანავე ჩაერთონ დაგროვებით საპენსიო სისტემაში. 

საპენსიო სქემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულებისთვის.​ 

საპენსიო სისტემიდან გასვლა შეუძლიათ 40 წლის და უფროს ადამიანებს. 

დაგროვებით პენსიაში მონაწილე მოქალაქეს ხელფასიდან ეჭრება მთლიანი ანაზღაურების 2%, 2%-ის გადახდის ვალდებულება აქვს მის დამსაქმებელსაც, ხოლო 2%-ს სახელმწიფო იხდის. 

ადამიანს საპენსიო ასაკამდე თანხის გატანა შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ სამუდამოდ საზღვარგარეთ მიდის საცხოვრებლად, თუ დაუდგინდება შშმ პირის სტატუსი და მოუნდება, თანხით ისარგებლოს. ასევე, თუ ადამიანი გარდაიცვლება, მის დანაზოგს მისი ოჯახის წევრები მიიღებენ. 

2022 წლის 13 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.39 მილიარდი ლარი იყო, სარგებელი კი - 334 მილიონი ლარი.


close დახურვა