logo
ENG



მდინარაძე ბაქრაძის დანიშვნაზე: სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს კომპეტენციაზე მითითება დასჭირდა

31 აგვ 202216:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/31/ip00zz30um8b3he.jpg

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე დავით ბაქრაძის გაეროში ელჩად დანიშვნის შესახებ აცხადებს, რომ სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას პრეზიდენტისთვის კომპეტენციის ფარგლების შესახებ მითითებების მიცემა დაჭირდა.

მდინარაძის თქმით, კონსტიტუციით განსაზღვრული კომპეტენციების ფარგლებში პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს მთავრობის მიერ წარდგენილ კონკრეტულ კანდიდატურას და "[ზურაბიშვილი] ასეც მოიქცა".

ოცნების ლიდერი აცხადებს, რომ ოპოზიცია პრეზიდენტის კანონიერ ქმედებას  ზურაბიშვილის "მძევლობას" არქმევს.

"პრეზიდენტის უფლებამოსილება კონსტიტუციით არის განსაზღვრული. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობას დასჭირდა, ამ კომპეტენციისა და მისი ჩარჩოების შესახებ გარკვეული მითითებები, მათ შორის, საკონსტიტუციო სარჩელის ფორმით, მაგრამ ერთი რამ არის ფაქტი: კონსტიტუციაში წერია ყველა კონსტიტუციური ორგანოსა და ყველა კონსტიტუციური, ასე ვთქვათ, თანამდებობის პირის უფლებამოსილების ფარგლების შესახებ და ეს ყველაფერი ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა. არის კონკრეტული კომპეტენცია და ამ კომპეტენციის ფარგლებში პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი მთავრობის მიერ წარდგენილ კონკრეტულ კანდიდატურას და ასეც მოიქცა.

ჩვენი ოპონენტები, ამ შემთხვევაში კანონიერ ქმედებას, რომელიც პრეზიდენტმა მისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა განახორციელოს არქმევენ მძევლობას - ამაშია მთელი პარადოქსი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი, დავით ბაქრაძის გაეროში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

პრეზიდენტმა აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი დავით ბაქრაძე გაეროში მუდმივ წარმომადგენლად 30 აგვისტოს განკარგულებით დანიშნა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს, 31 აგვისტოს განაცხადა, რომ გაეროში მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნა სალომე ზურაბიშვილს მიზანშეწონილად არ მიაჩნია. ადმინისტრაციის უფროსი ნათი სულავა თავის განცხადებაში არ განმარტავს, კრიტიკის მიუხედავად რატომ მოაწერა ზურაბიშვილმა ხელი ბაქრაძის წარდგინებას. 

პრეზიდენტმა თავის დროზე, ხელი არ მოაწერა და განაცხადა, რომ აშშ-ში მისი მუშაობით უკმაყოფილო იყო. ამ ფაქტს ქართული ოცნებასა და ზურაბიშვილს შორის უთანხმოება მოჰყვა.

ზურაბიშვილმა ივლისში განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც პრეზიდენტი გახდა, 37 ელჩი იქნა წარდგენილი და აქედან 36-ის დანიშვნას ხელი მოაწერა, დარჩენილი ერთი კი სწორედ ბაქრაძე იყო. 

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ბაქრაძეს, "რომელიც იყო 5 წელი ელჩი ამერიკაში, არაფერი გაუკეთებია ჩვენი ურთიერთობებისთვის".

მისი თქმით, წარადგინა არგუმენტები თუ რატომ არ უნდა დანიშნულიყო ის გაეროში ელჩად.

"ელჩი, რომელსაც კონტაქტები არ აქვს, რომელსაც არ დაუწერია არც ერთი სტატია, რომელსაც არც ერთ ტელევიზიაში არ გამოსულა, ჩემი აზრით, ეს არგუმენტები წარვუდგინე, არ უნდა იყოს დანიშნული გაერო-ში" - განაცხადა ზურაბიშვილმა.   

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოს ივნისის დასაწყისში მიმართა.

მთავრობა ითხოვს განმარტებას, საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე.

საქართველოს მთავრობის მტკიცებით, ბოლო ერთ წელში პრეზიდენტმა არაერთხელ დატოვა რეაგირების გარეშე მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების კანდიდატები.

25 ივნისს კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო კონსტიტუციური სარჩელი „საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, რაც მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩებისა და დიპლომატების დანიშვნაზე პრეზიდენტის უარის კონსტიტუციურობას აფასებს. 


close დახურვა