logo
ENG



მელია: შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები

05 სექ 202212:31
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.

"ჩვენი სტრატეგიული გეგმა არის:

  • მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივობები და სხვადასხვა სახისა და ფორმის საპროტესტო ღონისძიებები ვადამდელი არჩევნების მისაღწევად.

  •  უწყვეტი ურთიერთობა ჩვენს მოქალაქეებთან. ვესაუბრებით ყველგან, ქალაქებსა და სოფლებში, ქუჩებსა და სკვერებში. ევროპული არჩევანის დაცვისა და ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაზე. მოქალაქეებს წარვუდგენთ ხედვებს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს თვეებში ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად, როგორ ქვეყანას ავაშენებთ ცვლილებების შემდეგ.
  •  უცხოელ პარტნიორებთან ინტენსიური კომუნიკაცია. აშკარაა, რომ ჩვენი მეგობრები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, რომ "რუსული ოცნების" პირობებში საქართველომ გადაუხვია დასავლურ გზას და საბოლოოდ რუსული ორიენტირი აირჩია. ვაღიაროთ, რომ მათი მხირდან ასეთი განწყობა არ იყო არც 2020 და არც 2021 წლებში."-  განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიას თქმით, 100 ათასობით ადამიანმა რუსთაველის გამზირზე საჯაროდ გამოხატა თავისი ნება, რომ არ დათმობს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.

"ქართულ ოცნებას  ზურგი შეაქცია საკუთარმა ამომრჩეველმაც. მათი მხარდაჭერა ბოლო პერიოდში შემცირდა ერთი მესამედით, მათ საკუთარ ამომრჩეველშიც კი დაკარგეს ლეგიტიმაცია. ამ მხრივ რადიკალურადაა შეცვლილი ვითარება და ნორმალურ სახელმწიფოში ესეც კი კმარა ვადამდელი არჩევნების დასანიშნად."

ენმ-ს თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და ევროატლანტიკურ სივრცეში, საქართველო უნდა იყოს ამბიციური სახელმწიფო, რომელშიც ბრუნდებიან და არა მირბიან, ამისთვის არის საჭირო ვადამდელი არჩევნები.

"ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია და ჩვენ ეს კრიზისი უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობად და ვადამდელი არჩევნებით შევქმნათ ახალი რეალობა." - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.


close დახურვა