logo
ENG



პარტია ხალხისთვის: თბილისში სამშენებლო პროცესებს ოცნების შემომწირველი ბიზნესმენები მართავენ

09 სექ 202214:17
3 წუთის საკითხავი
clock 745

პარტია ანა დოლიძე ხალხისთვის წევრი, ნინო წულაძე აცხადებს, რომ თბილისში ურბანული და სამშენებლო პროექტების დიდი ნაწილი ოცნების შემომწირველი ბიზნეს სუბიექტების მიერ ხორციელდება.

წულაძის ცნობით, თბილისის საკრებულოში განაშენიანების რეგულირების გეგმების შესწორებების შესახებ შესულ განცხადებებში იკვეთება 15-მდე ადამიანი, ვისაც ქართული ოცნებისთვის სხვადასხვა პერიოდში ათობით ათასი ლარი აქვს შეწირული. წულაძის თქმით, მათ პროექტებს მმართველი პარტია განხილვის გარეშე ამტკიცებს.

განმცხადებლები განაშენიანების რეგულირების გეგმებში ითხოვენ სხვადასხვა ტიპის ცვლილებს, მაგალითად საცხოვრებლების განაშენიანებასა თუ  ფუნქციური ზონის ცვლილებებზე.

„დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისში ურბანული და სამშენებლო პროცესები სრულად არის მართული ოცნებასთან დაახლოებული ბიზნეს სუბიექტების მიერ. სამწუხაროდ, ქალაქის განაშენიანება ხდება არა გენერალური გეგმის მიხედვით, რომელიც თავისთავად ხარვეზულია იმიტომ, რომ ყოველთვიურად შედის მასში შესწორებები, არამედ კონკრეტულად მსხვილი ბიზნეს შემომწირველების ინტერესების შესაბამისად“ - განაცხადა წულაძემ.

მისი ცნობით, არსებობს შემდეგი პრაქტიკა - ბიზნეს სუბიექტები ჯერ ქართული ოცნებისთვის შემოწირულებას გაიღებენ და შემდეგ ითხოვენ მშენებლობაზე დაშვებებს, ოცნების გუნდი კი "მათ სურვილებს ვერ ეწინააღმდეგება".

პარტია ხალხისთვის წევრი, აცხადებს, რომ ცალსახაა, მმართველ პარტიას არა მხოლოდ ოლიგარქი ივანიშვილი, არამედ მისი შემომწირველი ბიზნესმენებიც მართავენ.

„ასეთი პრაქტიკაა სამწუხაროდ: ჯერ ახორციელებენ შემოწირულებებს და შემდგომ მათგან [ქართული ოცნებისგან] ითხოვენ კონკრეტულ დაშვებებს, რაც არ შეიძლება და არც გენერალური გეგმის მიხედვითაა გათვალისწინებული, თუმცა ქართული ოცნების გუნდი ვერ ეწინააღმდეგება იმ შემომწირველების ინტერესებსა და ნება-სურვილებს, რომელთა წყალობითაც ისინი დღეს სავარძლებში არიან მოთავსებულები.

სამწუხაროა, აქამდე თუ ვიცოდით და გვქონდა მოლოდინი, რომ ეს გუნდი მხოლოდ ივანიშვილის მიერ იმართებოდა, ახლა შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ არა მხოლოდ ივანიშვილი არამედ მათი მსხვილი შემომწირველები და კარის ბიზნესმენები მართავენ ისე, როგორც მათ სურთ და არა ისე, როგორც ჩვენს მოქალაქეებს და ქალაქის ინტერესებს შეესაბამება“ - განაცხადა ნინო წულაძემ. 

წულაძის ცნობით, ოცნების შემომწირველ ბიზნესმენებს შორის არის მაგალითად, ოთარ ბეგლარიშვილი, რომელმაც პარტიას 41 000 ლარი შესწირა, სანაცვლოდ კი დაბა კოჯორში საცხოვრებელი სახლების განაშენიანებას ითხოვს. შემომწირველთა შორისაა ბანკი ქართუს 2 თავმჯდომარეც, ვისაც სხვადასხვა დროს ოცნებისთვის 170 000 ლარი აქვს შეწირული და ახლა საკრებულოსგან ტაბახმელაში ითხოვს პროექტის დამტკიცებას.

ნინო წულაძის თქმით, საქმე არ ეხება მხოლოდ ქალაქის იერსახეს  - არასწორმა სამშენებლო პროცესებმა, შესაძლოა ურბანული კატასტროფა გამოიწვიოს. პარტია ხალხისთვის აცხადებს, რომ ურბანული დაგეგმარება მკაცრად, გენერალური გეგმის მიხედვით უნდა მოხდეს, თუმცა გენერალური გეგმა 3 დეკემბრის შემდეგ მრავალჯერ შეიცვალა და ამგვარი  ცვლილებები ძირითადად პირდაპირ ან ირიბად ოცნების შემომწირველების გამო ხდება. 


close დახურვა