გაეროს ცნობით, ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად მსოფლიოში ცხოვრების ხარისხი ეცემა. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჰუმანური განვითარების ინდექსი მსოფლიოს ქვეყნების 90%-ში ეცემა.
გაეროს ცნობით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში ჰუმანური განვითარების ინდექსი, რაც მოიცავს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის, განათლებისა და ცოდნის დონის, ისევე როგორც ადამიანების ეკონომიკური კეთილდღეობის მაჩვენებლებს, სტაბილურად უმჯობესდებოდა. ახლა კი ტენდენცია იცვლება.
ჰუმანური განვითარების ინდექსის საშუალო მაჩვენებელი პლანეტის მასშტაბით ეცემა. მკვლევრები ამ ტენდენციას კოვიდ პანდემიას, უკრაინაში ომსა და კლიმატის ცვლილების გავლენას უკავშირებენ.
ჰუმანური განვითარების ინდექსის 2022 წლის მაჩვენებელი 2021 წელს შეკრებილ მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნდა.
გაეროს ცნობით, 191 ქვეყნის საერთო მაჩვენებელი 2016 წლის განვითარების დონეს გაუთანაბრდა.
მსოფლიოს საშუალო ჰუმანური განვითარების ინდექსი წელს 0.732-ს შეადგენს. 2021 წელს ეს რიცხვი 0.735, 2019 წელს - 0.739, 2018-ში კი - 0.736 იყო. 2022 წელს, მსოფლიოს მასშტაბით სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 71.4 წელია, მთლიანი ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე კი 16 752 დოლარია.
ბოლო 2 წელში 10-დან 9 ქვეყანაში ადამიანური განვითარების ინდექსის მიხედვით, ცხოვრების ხარისხი გაუარესებულია. ამ მაჩვენებელს ცხოვრების ხარისხის გასაზომად გაერო 30 წელზე მეტია იყენებს.
გაეროს ცნობით, წელს ჰუმანური განვითარების ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შვეიცარიაში დაფიქსირდა. აქ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 84 წელია, განათლების საშუალო პერიოდი - 16.5 წელი, მთლიანი ეროვნული შემოსავალი პერ კაპირა წელიწადში 67 000 დოლარს აღწევს.
ამავე მაჩვენებლის მიხედვით ბოლო ადგილზე სუდანია, სადაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 55 წელია, ადამიანები 5.5 წელს ხარჯავენ განათლებაზე და წელიწადში საშუალოდ 768 დოლარს გამოიმუშავებენ.
2021 წლის მონაცემებით შედგენილ გაეროს 2022 წლის ანგარიშში საქართველოს ჰუმანური განვითარების ინდექსი 0.802-ს შეადგენს და 64-ე ადგილს იკავებს და ძალიან მაღალი განვითარების ქვეყნების სიაშია.
გაეროს ცნობით, საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 71.7 წელია, განათლების საშუალო ხანგრძლივობა 12.8 წელი, ერთ სულზე მთლიანი ეროვნული პროდუქტი მშპ ერთ სულ მოსახლეზე კი 14,664 დოლარს შეადგენს.
გაერო აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში კონკრეტულ ქვეყნებში სხვადასხვა პრობლემების გამო ცხოვრების ხარისხი გაუარესდა, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით ინდექსი მუდმივად მზარდი იყო.
განსაკუთრებით შესამჩნევია კლება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის კუთხით - მაგალითად, აშშ-ში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2019 წლის შემდეგ 2 წლით შემცირდა, რუსეთში კი 3-ით.
2023 წელს ჰუმანური განვითარების ინდექსი 2022 წლის მონაცემებით გამოითვლება. გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზატორი და ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი, აკიმ შტაინერი აცხადებს, რომ მოლოდინები პესიმისტურია.შტაინერის თქმით, ამ დროისთვის მსოფლიოს 80 ქვეყანას აქვს საგარეო ვალის გადახდასთან დაკავშირებული პრობლემები.
„80 ქვეყანას ერთი ნაბიჯი აშორებს ამ ტიპის კრიზისამდე. სიტუაცია ძალიან სერიოზულია. ჩვენ ვხედავთ მწვავე ნგრევას, რომლის შედეგებთან გამკლავებაც მრავალი წელი მოგვიწევს“ - განაცხადა შტაინერმა.