
გერმანული მედიის ცნობით, გერმანიის ხელისუფლებამ უკრაინისთვის 216 მილიონი ევროს ღირებულების 18 თვითმავალი ჰაუბიცას მიყიდვა დაადასტურა.
კონტრაქტის მიხედვით, უკრაინა ამ აღჭურვილობას 30 თვეში მიიღებს.
კიევმა შეიარაღება 2 თვის წინ მოითხოვა. უკრაინისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრებმა ალექსეი რეზინკოვმა და ქრისტინ ლამბრეხტმა ეს ხელშეკრულება ივლისში განიხილეს.
216 მილიონი ევროს ღირებულების თვითმავალი ჰაუბიცების ყიდვის ხელშეკრულება გერმანულ კომპანია Krauss-Maffei Wegmann-თან გაფორმდა.
გამოცემა წერს, რომ გერმანიაში უკრაინის ელჩის ანდრეი მელნიკის ცნობით, გერმანიის ხელისუფლებამ უკრაინისთვის შეიარაღების მიყიდვა რამდენიმეკვირიანი ლოდინის შემდეგ, 16 სექტემბერს დაადასტურა.
„ეს იქნება მნიშვნელოვანი კონტრიბუცია უკრაინის ჯარის ეფექტურობის გაძლიერებისთვის. იმედი მაქვს, რომ ფედერალური ხელისუფლება ამ გზას მუდმივად მიყვება“ - განაცხადა მელნიკმა.
Welt am Sonntag წერს, რომ უკრაინის ცნობით, იარაღის მწარმოებელი კომპანია RCH-155 წარმოების დაწყებას მას შემდეგ აპირებდა, რაც ხელისუფლებისგან იარაღის უკრაინაში ექსპორტის შესახებ მკაფიო დასტურს მიიღებდა.
კონტაქტის მიხედვით უკრაინა RCH-155 თვითმავალ შეიარაღებას 30 თვეში, 2025 წელს მიიღებს.
უკრაინამ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი არაერთხელ გააკრიტიკა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაგვიანების გამო.
სექტემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ხელისუფლებამ უარი თქვა უკრაინისთვის ჯავშანმანქანა Dingo-ს მიწოდებაზე.
14 სექტემბერს გერმანიამ უკრაინას 4 ერთეული საზენიტო თვითმავალი საარტილერიო ტექნიკა Gepard გადასცა.
მოგვიანებით გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინ ლამბრეხტმა კი განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას დამატებით 2 ერთეულ Mars II სარაკეტო სისტემებსა და 50 ერთეულ Dingo-ს ჯავშანმანქანებს გადასცემს.