პარტია სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ უკრაინის მხარდასაჭერი საქველმოქმედო ღონისძიებაზე მიწვეული უკრაინის მოქალაქე, ტელეწამყვანი რომან დრიბნი საქართველოში არ შემოუშვეს.
ვაშაძის თქმით, დრიბნი უკრაინიდან თბილისში სპეციალური მოწვევით ჩამოვიდა და ჰქონდა შესაბამისი საშვიც, თუმცა ის უკან, უკრაინაში უმიზეზოდ დააბრუნეს.
მისი ცნობით, რომან დრიბნის 25 სექტემბერს წინანდალში უკრაინის დასახმარებლად ორგანიზებული საქველმოქმედო ღონისძიებაში უნდა მიეღო მონაწილეობა.
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ეს ქართული ოცნების მხრიდან მორიგი ანტი-უკრაინული ქმედებაა, რაც საქართველოს ავტორიტეტს ლახავს უკრაინელი მეგობრების თვალში.
"კიდევ ერთი თავხედური, ანტი უკრაინული ქმედება ქართული ოცნების მხრიდან. დღეს თბილისის აეროპორტში არ შემოუშვეს ჩვენს მიერ საქველმოქმედო ღონისძიებაზე მოწვეული რომან დრიბნი - უკრაინის მოქალაქე. დედა სიდონიას ორგანიზებით, 25 სექტემბერს კახეთში, წინანდალში იმართება საქველმოქმედო ღონისძიება, რომ დავეხმაროთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, სპეციალური საშვით, მოწვევით და ნებართვით, უშუალოდ მე ვეხმარებოდი რომ ეს ნებართვა აეღო, უკრაინის ტერიტორიიდან შემოდიოდა საქართველოში და ეს ადამიანი ყოველგვარი მიზეზის გარეშე გააბრუნეს თბილისის აეროპორტიდან. ეს არის თავხედური კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც შსს პრორუსული ქართული ოცნების დავალებით სჩადის“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.