logo
ENG



"ქვეცნობიერზე ზემოქმედების დაუშვებლობა" - პარლამენტში მაუწყებლობაზე კანონპროექტს განიხილავენ

19 სექ 202210:35
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტში დღეს, 19 სექტემბერს ე.წ მოსმენების კანონში ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ ცვლილებებს განიხილავენ. 

კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამების და რეკლამის გავრცელება. 

კერძოდ, ჩანაწერის მიხედვით: 

55.1 მუხლის შემდეგ დაემატოს 55.2 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის აკრძალვა

1. იკრძალება ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება რომელიც შეიცავს პირის ან ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ან ასაკის ნიშნით ძალადობის ან ზიზღის წაქეზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე.

2. იკრძალება ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც შეიცავს ტერორიზმისკენ მოწოდებას". 

ასევე, კანონს ემატება ჩანაწერი "პასუხის უფლების" შესახებ - "პასუხის უფლება“ ენიჭება პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მაუწყებლის პროგრამაში მასთან დაკავშირებით არასწორი ფაქტები გადასცეს.

ამასთან, ცვლილების მიხედვით, დაუშვებელია ქვეცნობიერზე ზემოქმედება

ჩანაწერის მიხედვით:

"მუხლი 57.

ქვეცნობიერზე ზემოქმედების დაუშვებლობა მედია მომსახურების მიმწოდებლებს ეკრძალებათ ისეთი პროგრამის ან რეკლამის გადაცემა, რომელსაც შეუძლია ტექნიკური აუდიო-ან ვიზუალური მონტაჟის საშუალებით დროის უმცირეს მონაკვეთში ან სხვაგვარად გადასცეს ინფორმაცია ან მსმენელის ან მაყურებლის ქვეცნობიერზე ზემოქმედებით გავლენა მოახდინოს მათ აზრებზე ისე, რომ მათ ნაწილობრივ ან სრულად არ ჰქონდეთ გაცნობიერებული ეს გავლენა"

ვინ დაადგენს, რამ შეიძლება მოახდინოს ზეგავლენა ქვეცნობიერზე, კანონპროექტით დაზუსტებული არ არის. 

კანონპროექტში ნახსენებია ტერმინი ჯეროვანი სიზუსტე. 

"მუხლი 52.

ჯეროვანი სიზუსტე მაუწყებლები ვალდებული არიან, მიიღონ ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები". 

ცვლილებების საფუძვლად კანონპროექტის ავტორები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას ასახელებენ. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ "მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების ეს ნაწილი შეიცავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს და გააუარესებს მედიაგარემოს საქართველოში. 


close დახურვა