logo
ENG



"$1.5 მილიონს ითხოვს, 2 გოგოს დავიტოვებო" - მძევლის თქმით, თავდამსხმელმა მოთხოვნები შეცვალა

20 სექ 202219:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/20/3x1kqkj01f1bf5p.png

საქართველოს ბანკში მყოფი ერთ-ერთი მძევლის ინფორმაციით, თავდამსხმელმა მოთხოვნები შეცვალა.

ფეისბუქლაივში ქალი ყვება, რომ პირი ახლა "$1.5 მილიონს ითხოვს, 2 გოგოს დაიტოვებს, დანარჩენს კი გაუშვებს".

დღეს, 20 სექტემბერს, დაახლოებით დილის 11:00 საათზე ქუთაისში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. 

მან მოითხოვა:

$2 მილიონი, ვერტმფრენი, სპრინტერი - "მარშრუტკა", ანკესი და რუსეთის დროშა.

თავდამსხმელს, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა თავის სხეულზე აქვს მიმაგრებული. ამას ის თავად ამბობს, ასევე, მიუთითებს კედელზე მიმაგრებულ ასაფეთქებლებზე

სამხედრო ექსპერტების განმარტებით, მას ხელზე წებოვანი ლენტით ასაფეთქებლის პულტი აქვს მიმაგრებული, რაც 2 რამეზე მიანიშნებს: 

  • მან იცის, რომ პროცესი დიდხანს გაგრძელება და პულტს მიმაგრების გარეშე დიდხანს ვერ დაარეგულირებს;
  • ასევე, იცის ასაფეთქებელთან მოქცევის წესები. 

​კადრებში ასევე ჩანს სავარაუდოდ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე მიმაგრებული ფერადი სადენები. ეს კომერციული დანიშნულების სადენებია, რომლებსაც არ იყენებენ სამხედროები - მას იყენებენ კერძო პირები მაგალითად გვირაბების ან გზების მშენებლობის დროს ასაფეთქებლად. 

თავდამსხმელს აცვია სამხედრო ფორმა, უკეთია შავი ნიღაბი და აცვია ჟილეტი, რომელიც არ არის ტყვიაგაუმტარი. 

ფეისბუქლაივში გამოჩნდა ხელყუმბარა. ერთ-ერთი მძევალი თავდამსხმელს ამ დრომდე შებოჭილი ყავს. 


close დახურვა