logo
ENG



ხერსონის ე.წ ლიდერი: პუტინს აუცილებლად მივმართავ, რომ ხერსონი რუსეთის ნაწილი მალევე გახდეს

28 სექ 202214:21
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/28/tqotfqm6nfj1h6d.png

რუსეთის სახელმწიფო, პროპაგანდისტული მედია TASS-ის ცნობით, ოკუპირებული ხერსონის მარიონეტული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ე.წ ხელმძღვანელმა ვლადიმირ სალდომ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აუცილებლად მიმართავს, რათა რეგიონი რუსეთის ნაწილად სამართლებრივად რაც შეიძლება მალე აღიარონ.

„ხერსონის მოსახლეობამ ხმა მისცა რუსეთთან შეერთებას. და ამ კენჭისყრის შედეგებზე დაყრდნობით, მე ნამდვილად მივმართავ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ ვლადიმერის ძე პუტინს, რომ ხერსონის რეგიონის რუსეთის ფედერაციის სამართლებრივ ნაწილად რეგისტრაცია, რაც შეიძლება მალე მოხდეს. და მე დარწმუნებული ვარ, ეს გაკეთდება“ - განაცხადა სალდომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ე.წ ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხერსონის მოსახლეობას მშვიდ გარემოში მიეღო მონაწილეობა ე.წ რეფერენდუმში.

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში 23-დან 27 სექტემბრამდე რეფერენდუმების ჩატარებას გეგმავდა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 თებერვალს, უკრაინაში შეჭრამდე, ხელი მოაწერა ბრძანებებს დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ეს ორი სეპარატისტული სუბიექტი, რომელთა დაცვაც რუსეთმა აგრესიის საბაბად გამოიყენა, საერთაშორისო საზოგადოების მიერ არ არის აღიარებული.

დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების რუსეთთან შეერთების შესახებ "რეფერენდუმის" ჩატარების გეგმები ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში გამოცხადდა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის მიერ მხარდაჭერილი ადმინისტრაციების ცნობით, ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ, ე.წ რეფერენდუმებში ხერსონში 87.05%-მა, ზაპოროჟიეში 93.11%-მა, ლუჰანსკში - 98.42%-მა და დონეცკში 99.23%-მა მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას.

უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ე.წ რეფერენდუმებს ყალბს უწოდებენ და აცხადებენ, რომ შედეგები წინასწარ არის განსაზღვრული.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კრემლის მიერ გამართული ე.წ რეფერენდუმების შედეგებს გამოეხმაურა.

"რეფერენდუმები დასრულდა. შედეგები ნათელია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში, რუსეთში!", - დაწერა მედვედევმა Telegram-ზე.


close დახურვა