logo
ENG



შსს-მ მოქალაქეებს ლარსთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა, ალტერნატივად გველეთი შესთავაზა

28 სექ 202215:16
3 წუთის საკითხავი
clock 491

პარტია დროასა და მოქალაქეებს ლარსის გამშვებ პუნქტთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცეს და ალტერნატივად სოფელი გველეთი შესთავაზეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამის მიზეზად "საგზაო მოძრაობის კოლაფსის" თავიდან არიდება დაასახელა.

აქციის მონაწილეები ახლა სოფელ გველეთში გვირაბთან იმყოფებიან, რომელიც ლარსს უკავშირდება. მათ თან აქვთ ბანერები, რომლებზეც რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებია ასახული.

"მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის უიარაღო ოკუპაცია. მოვედით აქ ახალგაზრდები, რომ ეს მშვიდობიანად გაგვეპროტესტებინა, არაფრის გადაკეტვას არ ვაპირებდით, თუმცა პოლიციამ ეშელონი ჩაგვიყენა ზუსტად რუსების დასაცავად, არ გვაძლევდნენ უფლებას, რომ გვირაბს იქით გადავსულიყავით. ჩვენ გვქონდა კონსტიტუციური უფლება, რომ გზის გადაკეტვის გარეშე გაგვეგრძლებინა ფეხით გზა, თუმცა სამწუხაროდ, ქართული პოლიცია დღეს რუსეთის მოქალაქეებს იცავს"- ამბობს აქციის მონაწილე.

"ლარსის გამშვებ საბაჟო პუნქტი გადატვირთული მოძრაობა როგორც თბილისის, ასევე რუსეთის მიმართულებით. საბაჟო პუნქტი გადასულია 24საათიან რეჟიმზე. საგზაო მოძრაობის კოლაფსი რომ არ მოხდეს ავტომანქანები და აქციის მონაწილეები ფიზიკურად ვერ ჩავუშვით საბაჟო პუნქტთან და მოვუწოდეთ, რომ გზის გვერდულზე გაჩერებულიყვნენ"- თქვა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, კახა ბუხრაძემ.

მოქალაქეები ლარსის გამშვებ პუნქტთან დღეს რუსეთიდან საქართველოში შემოსული მოქალაქეების გაზრდილი ნაკადის გასაპროტესტებლად მიდიოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ჯამში 17 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით რუსეთიდან შემოვიდა 78 742, ხოლო საქართველოდან რუსეთში 62 120 ადამიანი გადავიდა.


close დახურვა