logo
ENG



ევროპის მოედნის მიმდებარედ 3 დღით ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

29 სექ 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock 742
2022/09/29/ke7i3o2gujblwsi.jpg

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისობა 2022-თან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო, ევროპის მოედნის მიმდებარედ, 30 სექტემბრის 00:00 საათიდან 3 ოქტომბრის 06:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

უწყებაში ამბობენ, რომ დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას ვერ შეძლებენ მეტეხის ხიდზე და ევროპის მოედანზე. ასევე, გორგასლის მოედნიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ევროპის მოედნის მიმართულებით.

"მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გორგასლის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, როგორც გამსახურდიას სახელობის სანაპიროს მიმართულებით, ასევე, გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით, ხოლო თუმანიანის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროთი (გვირაბის გამოყენებით).

სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება აბანოს ქუჩიდან გრიშაშვილის ქუჩის მიმართულებით, გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება, ფირდოუსისა და ისფაჰანლის ქუჩების საშუალებით.

აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ვახტანგ გორგასალის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, მეტეხის ხიდისა და ევროპის მოედნის ნაცვლად, ავტობუსები: N371, N301, N344, N345, N331, N350 და მიკროავტობუსები: N538, N550, N580 გადაადგილდებიან კოტე აფხაზის ქუჩის გავლით", - წერია განცხადებაში.


close დახურვა