logo
ENG



აშშ-მა უკრაინის 4 რეგიონის ანექსიის გამო რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

30 სექ 202219:10
3 წუთის საკითხავი
clock 798
2022/09/30/s40grh3e3rs5s41.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ ყალბი რეფერენდუმების ჩატარებისა და უკრაინის 4 რეგიონის ანექსიის გამო ახალი სანქციები დაუწესა.

ე.წ. შავ სიაში მოხვდა 14 იურიდიული პირი რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსიდან, რუსეთის ფინანსური ინფრასტრუქტურის 3 წამყვანი ხელმძღვანელი, რუსი ჩინოსნების უახლოესი ნათესავები, ასევე სანქციები შეეხო რუსეთის დუმის 278 წევრს, რადგან ისინი რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყალბი რეფერენდუმების ჩატარებას ხელს უწყობდნენ.

სასანქციო სიაში ასევე მოხვდნენ რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ნათესავები, უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის ცოლი და შვილი, მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის ნათესავები, რუსეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა და მისი მოადგილეები, რუსი დეპუტატი ვალენტინა ტერეშკოვა და სხვები.

გარდა ამისა, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა 57 იურიდიულ პირს ჩინეთიდან, სომხეთიდან და ბელარუსიდან - ორგანიზაციები აშშ-ში საექსპორტო კონტროლს არღვევდნენ. ცალკე სანქციებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აამოქმედებს მოსკოვის მერის ოჯახის წინააღმდეგ, რომელიც ასევე რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს წევრია.

სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აამოქმედებს სავიზო რეჟიმს 910 პირის მიმართ, კერძოდ რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეების, ბელარუსი სამხედრო ჩინოსნების და რუსი "მარიონეტების" წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დავალებით მოქმედებენ.

***

დღეს, რუსეთმა უკრაინის 4 ოლქის ანექსიას მოაწერა ხელი.

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში 23-დან 27 სექტემბრამდე რეფერენდუმების ჩატარებას გეგმავდა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 თებერვალს, უკრაინაში შეჭრამდე, ხელი მოაწერა ბრძანებებს დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ეს ორი სეპარატისტული სუბიექტი, რომელთა დაცვაც რუსეთმა აგრესიის საბაბად გამოიყენა, საერთაშორისო საზოგადოების მიერ არ არის აღიარებული.

დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების რუსეთთან შეერთების შესახებ "რეფერენდუმის" ჩატარების გეგმები ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში გამოცხადდა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის მიერ მხარდაჭერილი ადმინისტრაციების ცნობით, ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ, ე.წ რეფერენდუმებში ხერსონში 87.05%-მა, ზაპოროჟიეში 93.11%-მა, ლუჰანსკში - 98.42%-მა და დონეცკში 99.23%-მა მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას.

უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ე.წ რეფერენდუმებს ყალბს უწოდებენ და აცხადებენ, რომ შედეგები წინასწარ არის განსაზღვრული.


close დახურვა