logo
ENG



შსს-ის ცნობით, ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 ადამიანი დააკავეს, ხოლო 8 პირს ბრალი წარუდგინეს

02 ოქტ 202211:50
3 წუთის საკითხავი
clock 680
კადრი: შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უცხო ქვეყნების ინტერნეტმომხმარებლების მიმართ განხორციელებულ თაღლითობის ფაქტზე 4 ადამიანი დააკავეს, ხოლო 8 პირს ბრალი წარუდგინეს.

შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის უკანონო ქმედებებით დაზარალებულ საფრანგეთის მოქალაქეებს ჯამში 767 000 ევროზე მეტი ოდენობის მატერიალური ზიანი მიადგათ.

უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ი.ვ-მ, რომელიც რუსეთისა და ისრაელის მოქალაქეა, საქართველოში დაარეგისტრირა კომპანია, რომლის თანამშრომლებიც საფრანგეთის მოქალაქეებს ინტერნეტბრაუზერში უგზავნიდნენ pop up შეტყობინებას, სადაც კატეგორიული ფორმით, ფრანგულ ენაზე ეწერა, რომ მათი კომპიუტერი დავირუსებული იყო და ხარვეზების გამოსწორებისათვის უნდა დაერეკათ მითითებულ ნომერზე.

შსს-ის ცნობით, ამ შეტყობინებას არ ჰქონდა გათიშვის ფუნქცია და მომხმარებლები კომპიუტერით ვეღარ სარგებლობდნენ. ისინი, ვინც რწმუნდებოდნენ, რომ კომპიუტერს სერიოზული პრობლემა ჰქონდა რეკავდნენ მითითებულ ნომერზე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას ეკუთვნოდა.

უწყების ინფორმაციით, ე.წ ქოლ-ცენტრის ოპერატორები მომხმარებლებს ფრანგული სახელებით ეცნობოდნენ, მეტად არწმუნებდნენ პრობლემის სერიოზულობაში და მის მოგვარებას გარკვეული თანხის სანაცვლოდ ჰპირდებოდნენ.

„მომხმარებლები, რომლებიც იჯერებდნენ, იხდიდნენ გარკვეულ საზღაურს სხვადასხვა ონლაინ გადახდის სისტემების გამოყენებით, რომლებთანაც ი.ვ.-ს ჰქონდა დამყარებული კავშირი, რის შემდეგაც ზემოაღნიშნული კომპანიის ე.წ. IT-თანამშრომლები დისტანციური წვდომის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით შედიოდნენ დაზარალებულის კომპიუტერულ მოწყობილობებში და ახდენდნენ „pop up”-ის გათიშვას, ასევე გარკვეული პროგრამული უზრუნველყოფის დაყენებას, რათა დაზარალებულს შეჰქმნოდა ილუზია, რომ მის მიერ გადახდილი თანხის შესაბამისი სერვისი მიიღო კომპანიისგან“ - აცხადებს შსს.

გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე, 180-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

close დახურვა