logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ბიძინობის 10 წელი

02 ოქტ 202220:15
3 წუთის საკითხავი
clock 1940

დედამიწა კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი ომის და თვით ბირთვული კატასტროფის წინაშე დგას; უკრაინა ნატოში დაჩქარებულად გაწევრიანებას ითხოვს; ძალთა ბალანსი და წონასწორობა ჩვენს რეგიონში ასტრონომიული სისწრაფით იცვლება, ისევე როგორც მსოფლიო გეოპოლიტიკის დინამიკა; საქართველოს პრემიერმინისტრის მთავარი დაპირება კი, არც მეტი არც ნაკლები, ახალგაზრდების გასართობად მომღერლების ჩამოყვანაა…

ამასობაში ლარსიდან ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეების დინება არ წყდება. საქართველო მსოფლიოში ნომერი პირველი ქვეყანა გახდა ერთ სულ მოსახლეზე რუსეთიდან გამოქცეული და ქვეყანაში შემოღწეული ადამიანების რაოდენობა. "დიდი რუსობა" უკვე კარგა ხსნის დაწყებულია, მოსკოვი იარაღის გარეშე გვიპყრობს. ჩვენი ხელისუფლება სრულიად უმოქმედოდ და უმოძრაოდ, სირაქლემას პოზაშია და არაფერს იმჩნევს, თითქოს მართლაც არაფერი ხდება.

გეორგიევსკის დარბაზში პუტინი ხელს აწერს უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიას. ცივილიზებული მსოფლიო, შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, ნატო და ევროკავშირი უმკაცრეს განცხადებებს აკეთებენ და ახალ სანქციებს უწესებენ რუსეთს. საქართველოს, ოკუპირებული და ანექსიისთვის გამზადებული ქვეყნის ხელისუფლებას კი ამ საკითხებზე თითქმის ნულოვანი მგრძნობელობა და რეაქცია აქვს. მეტიც, ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩადის.  ევროკავშირი, ნატო, და ჩვენი მეგობარი ქვეყნები მყისვე რეაგირებენ, ჩვენი პრემიერი კი პირველივე მთავრობის სხდომაზე ამ საკითხზე კრინტსაც არ ძრავს;

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ავრცელებს ინფორმაციას, რომ შტატები ჰაიმარსებს, აბრაამსებს, პატრიოტებს გვთავაზობს, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ერთადერთი რეალური საშუალებაა, ჩვენი მთავრობა კი ვაშინგტონს უარით ისტუმრებს. მეტიც, ასეთ შემოთავაზების ალბათობასაც კი მკვეთრად ნეგატიურ მოვლენად განიხილავს და მსგავსი ინიციატივის არსებობის შემთხვევაში, ვაშინგტონს, საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაში ადანაშაულებს. დათმობილი სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესების ხარჯზე მიღებული მშვიდობა მთავარი მონაპოვარი ხდება. ამ ხედვაში არათუ ჰაიმარსი - ნატოს ფორმაში გამოწყობილი ჯარისკაციც კი ზედმეტია რუსებით გადავსებული ქართული ქალაქების პეიზაჟებში. არაფერი უნდა მიანიშნებდეს იმაზე, რომ ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა გვაქვს და მხეცად გადაქცეული პუტინის პირობებში სახელმწიფოებრიობის გადარჩენისა და ჩვენი მოქალაქეების დაცვის ერთადერთ გზად ტექნოლოგიურად განვითარებული და თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებით გაერთიანებული ქვეყნების კოალიცია გვესახება. "მშვიდობის შენარჩუნების" ოცნებისეულ სტრატეგიის გვირგვინი ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმებაა.

ამ ყველაფერს თავიც რომ დავანებოთ, როდესაც შენი პრემიერი, პუტინის სიტყვებს ერთი-ერთში იმეორებს და ამბობს, რომ ევროპა ენერგო კრიზისს და ინფლაციას ვეღარ უძლებს, საქართველოს ეკონომიკა კი ყვავის რუსეთიდან შემოდინებული ხალხისა თუ კაპიტალის ხარჯზე, დიაგნოზი უკვე დასმულია, ქვეყნის დესუვერენიზაცია კი უკვე მომხდარი. საბოლოო სურათი კი შემდეგნაირად გამოიყურება: ჩვენ რუსეთის წინაშე მხოლოდ კაპიტულაციას კი არ ვაცხადებთ - რუსული ტიპის მმართველობისა და დეგრადირებული საზოგადოების ფორმირების დასრულების ფაზაში ვართ, რისი ძირითადი ნიშანიც  ღირებულებების ამოტრიალება, მოვლენებისთვის სახელის არ თუ ვერ დარქმევა და რაც მთავარია მოყვრის მტრად და მტრის მოყვრად გამოცხადებაა.

და მაინც, ყველაზე ამაზრზენი, შემაძრწუნებელი, სამარცხვინო და იმედგაცრუების მომტანი ქვეყნის ფორმალური მმართველების საჯარო განცხადებები, ან ამ საბედისწერო მომენტში რეალური მმართველის დუმილი კი არაა..  ის რაც მათმა 10-წლიანმა მმართველობამ ქვეყანას მოუტანა: ქართველი  პედაგოგების დაბნეული და შეშინებული სახეები ბათუმის სკოლაში, რომლებიც ჟურნალისტების მარტივ შეკითხვაზე -  არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი -  პასუხს ვერ იძლევიან.

"ომებს რომ მასწავლებლები იგებენ და არა ჯარისკაცები". - ბისმარკის ეს ცნობილი ფრაზა, დარწმუნებული ვარ მარტო მე არ გამხსენებია. ამ მასწავლებლებით რომ ვერანაირი ომის მომგები ვერ ვართ მომავალში - ასეთი კომენტარის გაკეთება მომავლის პროგნოზის ნაწილი იქნებოდა, მე უფრო მძიმე დიაგნოზი მაქვს: ჩვენ ეს ომი უკვე წავაგეთ, ჰიბრიდული ომი რუსეთთან ქართველების ხელშეწყობით. ეს დაშინებულ-დაბნეული მასწავლებლები კი, რომლებმაც ხან დასავლეთის გინებას ისმინეს ქვეყნის პირველი პირებისგან, ხან მარტივ კითხვაზე პასუხისგან რიჟვაძის სამარცხვინო თავის არიდებები - უკვე შედეგი არიან. შედეგი, რომლის მიღწევაც საქართველოში კრემლს სურდა: რუსეთის ცხოველური შიში და მორჩილება და ავტორიტარიზმი, სადაც  მასწავლებელს აუცილებლად დასჯიან, მმართველ რეჟიმს მონურად თუ არ ემსახურა. მასწავლებლების რა გითხართ მაგრამ, კიდევ კარგი ჩვენს სკოლებში ჯერ კიდევ მრავლად არიან ლუკა ნაცვლიშვილის მსგავსი გონიერი და ღირსეული მოსწავლეები, რომლებსაც არა მარტო მტრისა და მოყვრის გარჩევის უნარი აქვთ, არამედ პროტესტიც უჩნდებათ, როდესაც სტენდზე გამოფენილ რუსეთისა და სეპარატისტული აფხაზეთის დროშებს ხედავენ და იმის გამბედაობაც ყოფნით, რომ სკოლის დირექციის სამარცხვინო რეაქციის მიუხედავად ამ დროშებს საკადრისი ადგილი მიუჩინონ.

აი ჩვენ რა ადგილს მიგვიჩენს საქართველოს ისტორია, თუ ლუკას მსგავსები საქართველოდან გავაქციეთ, ამაზე ფიქრიც კი მიმძიმს. თუმცა სადღაა ფიქრის თავი, როცა ყველაფერი მხოლოდ შიშსა და შიშიდან გამოწვეულ ინსტინქტებზე და ამით მოსარგებლე ივანიშვილის ელიტის მძარცველობით მადის დაკმაყოფილებაზე დადის


close დახურვა