
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, კიევის რეჟიმის რეაქცია მათ ტერორისტულ ბუნებაზე მოწმობს.
"კიევის რეჟიმის რეაქცია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე მათ ტერორისტულ ბუნებაზე მოწმობს," - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე აფეთქება დღეს, გამთენიისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სატვირთო მატარებელს გაუჩნდა, ნაწილობრივ ჩამოინგრა საავტომობილო გზაც. ხიდზე მოძრაობა შეჩერებულია, ხოლო ავტომობილებისთვის ბორნებით გადასასვლელს ამზადებენ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სამთავრობო კომისიის შექმნის დავალება გასცა. მთავრობაში აცხადებენ, რომ ხიდს მალე აღადგენენ. ხიდზე აფეთქებას გამოეხმაურნენ უკრაინის ხელისუფლებიდანაც.
"ყირიმი, ხიდი, დაიწყო. ყველაფერი უკანონო უნდა დაინგრეს, ყველაფერი მოპარული - დაუბრუნდეს უკრაინას, ყველაფერი ოკუპირებული რუსეთის მიერ - განიდევნოს," - დაწერა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა, მიხაილო პოდოლიაკმა.