ევროპული საბჭო უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ გაცემული საერთაშორისო პასპორტებისა და სამგზავრო დოკუმენტებს არაღიარებაზე შეთანხმდა.
საბჭოს თქმით, ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის პასუხია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე და ასევე 2008 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე.
ამ გადაწყვეტილებას ევროპარლამენტი განიხილავს და ძალაში პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში შევა.
„ეს გადაწყვეტილება პასუხია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე და რუსეთის მხრიდან რუსული საერთაშორისო პასპორტების გაცემაზე ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობისთვის. ეს ასევე პასუხია რუსეთის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ“ - წერია განცხადებაში.
ევროპული საბჭოს განცხადებით, რუსული სამგზავრო დოკუმენტები, რომელიც რუსეთში ან რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინისა და საქართველოს რეგიონების მოსახლეობისადმი გაიცა, არ მიიჩნევა ვალიდურ დოკუმენტებად, რითაც შენგენის ზონაში ვიზის ან საზღვრის კვეთის სხვა საჭირო დოკუმენტების მიღებაა შესაძლებელი.
ევროპული საბჭოს თქმით, უკრაინის რეგიონების უკანონო ანექსიით, რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ უხეშად უარყოფს კანონებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.
საბჭო აცხადებს, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ორი ქვეყნის: საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
„ჩვენ არასდროს ვაღიარებთ უკრაინისა და საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას. ევროკავშირი ერთიანად და მტკიცედ დგას ორივე ქვეყნისა და მათი მოსახლეობის გვერდით“ - წერია ევროპული საბჭოს განცხადებაში.
მათი ცნობით, ამ რეგიონებში გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტებს უკვე არ აღიარებენ ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანაში. ევროპული საბჭოს ახალი გადაწყვეტილება კი ერთობლივი ნაბიჯია, რომელიც შესაძლებელს გახდის ვიზის საერთო პოლიტიკის ეფექტურ ფუნქციონირებას და ასევე უზრუნველყოფს ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას.
საბჭოს განცხადებით, ამ მანდატის საფუძველზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საკითხს ევროპარლამენტთან ერთად განიხილავს.
ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიის შემდეგ რუსეთმა ყირიმის მოსახლეობას რუსული საერთაშორისო პასპორტები გადასცა. ეს პრაქტიკა რუსეთმა 2019 წლის აპრილიდან მათ მიერ კონტროლირებული დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებშიც გააგრძელა.
ევროპული საბჭოს თქმით, რუსული პასპორტების სისტემატური გაცემა ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო სამართლის მორიგი დარღვევა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაში, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაში მორიგი ჩარევაა.