შაბათის ფორმულას წყაროს ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას, სავარაუდოდ, განათლების მოქმედი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს. ამბობენ, რომ მიხეილ ჩხენკელსა და თსუ-ის უკვე ყოფილ რექტორს გია შარვაშიძეს შორის ურთიერთობა დიდი ხანია დაიძაბა.
კერძოდ, უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი ონლაინ სწავლებიდან დასწრებულზე გადასვლაც იყო. მაშინ სტუდენტები ბინის ქირის გაძვირების გამო, ლექციების ონლაინ რეჟიმში გაგრძელებას ითხოვდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა. განათლების სამინისტრომ სტუდენტების პოზიცია დაიჭირა, შარვაშიძემ კი არც ერთის პოზიცია არ გაითვალისწინა და სწავლა უნივერსიტეტის აუდიტორიებში გაგრძელდა.
გარდა ამისა, შაბათის ფორმულას რამდენიმე წყარომ დაუდასტურა, რომ გია შარვაშიძე გამოირჩეოდა ღიად ანტირუსული განწყობებით და შესაძლოა სწორედ ესეც გახდა მასზე პოლიტიკური ზეწოლის ერთ-ერთი მიზეზი. ანტირუსული განწყობებით გამოირჩევა გია შარვაშიძის გუნდის უახლოესი წევრი, უნივერსიტეტის კანცლერი, ლაშა საღინაძე, რომელიც ჯერჯერობით პოსტზე რჩება. შაბათის ფორმულასთან საუბარში საღინაძე ჰყვება, რომ უნივერსიტეტის რექტორს გადადგომა მანამდეც სურდა.
აღსანიშნავია, რომ შარვაშიძემ რექტორის თანამდებობა კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის უნივერსიტეტში ვიზიტის შემდეგ დატოვა. 7 ოქტომბერს მან აკადემიურ საბჭოს განცხადებით მიმართა.
ამასთან, პროცესები ისე მიდის, როგორც ქართულ ოცნებას აწყობს - განაცხადი რექტორობაზე მხოლოდ ერთმა ადამიანმა, ქართული ოცნების გუნდის ყოფილმა წევრმა, ჯაბა სამუშიამ შეიტანა.
სამომავლო გადანაწილების 2 ვერსია: შაბათის ფორმულას ინფორმაციით, წესდებას მოარგებენ ჯაბა სამუშიას და თუ მას ახლა რექტორის არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, ცვლილების შემდეგ ამას შეძლებს და აკადემიური საბჭო სწორედ მას აირჩევს.
მეორე ვერსიით: რექტორი მიხეილ ჩხენკელი გახდება, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ივანიშვილის ხელისუფლებისადმი განსაკუთრებული მორჩილებით. განათლების სამინისტროს კი წულუკიანის უწყება მიიერთებს, საიდანაც სპორტის ნაწილის გამოყოფის პროცესი უკვე დაწყებულია.