logo
ENG



გორის ვიცე-მერმა არდადეგებისთვის სამსახურებრივი ავტომანქანა და საწვავი გამოიყენა

17 ოქტ 202213:14
3 წუთის საკითხავი
 

გორის ვიცე-მერმა, ნიკოლოზ ღვინიაშვილმა, ბიუჯეტის ხარჯზე, ბათუმში, საზაფხულო არდადეგებისთვის სამსახურებრივი ავტომანქანა და საწვავი გამოიყენა. ოპოზიციას ღვინიაშვილი დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე ჰყავდა დაბარებული, თუმცა ის არ გამოცხადდა. 

ოპოზიციის განცხადების საფუძველზე, ამ საქმეზე, მერიის შიდა აუდიტის სამსახურს წარმოება ჰქონდა დაწყებული, თუმცა დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე, მერიის შიდა აუდიტის სამსახურს გადაცდომების მონიტორინგისა და შესწავლის უფლება-მოვალეობა ჩამოართვეს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ნაცვლად იმისა, ვიცე-მერს პოლიტიკური პასუხისმგებლობა აეღო, მას ახალ ავტომობილს აძლევენ, რომელიც ავტოპარკისთვის შეიძინეს.

"იმის ნაცვლად, რომ დაესაჯათ და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აეღო, ის დააჯილდოვეს ახალი ავტომობილით, შესაბამისად, დამტკიცებული ახალი საწვავის ლიმიტით და იმის ნაცვლად, რომ მოვიდეს და კითხვებზე პასუხი გაგვცეს, მუნიციპალიტეტში აუდიტის სამსახურს ართმევს თანამშრომლებისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების ფუნქციას და ყველანაირად ცდილობს აარიდიოს კონკრეტული ჩინოვნიკი მისთვის დაკისრებულ პასუხისმგებლობას," - აცხადებენ ოპოზიციაში. 

ოპოზიცია უკვე ერთ წელზე მეტია საკრებულოს სხდომაზე, გორის მერს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილსაც იბარებს, თუმცა ის სხდომებზე არ მიდის. 


close დახურვა