logo
ENG



პარლამენტმა გენპროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

18 ოქტ 202220:27
3 წუთის საკითხავი
 
პარლამენტმა გენპროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
ვახო ქარელი/ფორმულა

პარლამენტმა გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის მიღებას 126-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ არავინ წავიდა. ცვლილებებისთვის, სულ მცირე, 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

გენერალური პროკურორის არჩევის ახალი კანონპროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის 3/5-ის უმრავლესობით ანუ 90 ხმით აირჩევს.

კანონპროექტის მიხედვით, თუ აღნიშნული წესით პარლამენტი გენპროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, მაშინ გენერალური პროკურორის არჩევა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ანუ 76 ხმით მოხდება და ამ შემთხვევაში, გენერალური პროკურორის მოქმედების ვადა იქნება 1 და არა 6 წელი, როგორც ეს 90 ხმით არჩევის შემთხვევაშია გათვალისწინებული.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მეორე და მესამე კენჭისყრა ჩატარდება შესაბამისი წინა კენჭისყრიდან არაუგვიანეს 28-ე დღისა და კენჭი ეყრება ერთსა და იმავე კანდიდატს.

აღსანიშნავია, რომ გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია.

ქართული ოცნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ მიერვე მომზადებული ცვლილებები არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს, თუმცა აღნიშნავენ, რომ "მიდიან დათმობაზე", ვინაიდან ეს არის ევროკომისიის რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი და აღნიშნავენ, რომ წესის ცვლილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის პირობები ავალდებულებთ.


close დახურვა