ხერსონში ადგილობრივი მოსახლეობის მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა სანაპიროსა და რუსეთში ევაკუაცია დაიწყო. რუსეთი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინის ჯარმა რეგიონზე კონტრშეტევა დაიწყო, რითაც, მათი თქმით, მოსახლეობას საფრთხე შეექმნა.
რუსეთის შეჭრიდან მერვე თვეს უკრაინა ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში მნიშვნელოვან კონტრშეტევას ახორციელებს.
უკრაინაში რუსეთის ე.წ "სამხედრო ოპერაციის" ახალმა მეთაურმა სერგეი სუროვიკინმა განაცხადა, რომ ხერსონში რთული მდგომარეობაა და შესაძლოა, "რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწიოთ".
მოსახლეობის გარდა მარჯვენა სანაპიროს ტოვებს რუსეთის მიერ ხერსონში დანიშნული ე.წ ადმინისტრაციაც და რეგიონის მარცხენა სანაპიროზე გადადის. ხერსონის ე.წ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვლადიმირ სალდოს თქმით, „ეს ორგანიზებული გადაყვანაა“, რომელიც ათასობით ადამიანს შეეხება.
„ჩვენი გამოთვლებით ვგეგმავთ 50-60 ათასი ადამიანის გადაყვანას მარცხენა სანაპიროზე და დამატებით, ვისაც სურს რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებში“ - განაცხადა ვლადიმირ სალდომ.
სალდოს თქმით, უკრაინული მხარე ხერსონზე მასშტაბურ შეტევას გეგმავს და "იქ სადაც ჯარი მუშაობს, მოქალაქეების ადგილი არაა".
სალდოს მოადგილემ, კირილ სტრემუსოვმა კი განაცხადა, რომ ქალაქი ხერსონის და განსაკუთრებით მის მარჯვენა ნაწილის დაბომბვის საფრთხე არსებობს და დაამატა, რომ მოსახლეობა რუსეთში საცხოვრებელს მიიღებს.
„გთხოვთ, ჩემი სიტყვები სერიოზულად მიიღოთ და აღიქვათ, როგორ ევაკუაციისკენ მოწოდება, იმდენად სწრაფად რამდენადაც შეგიძლიათ“ - განაცხადა სტრემუსოვმა.
აღსანიშნავია, რომ ქალაქი ხერსონი უდიდესია იმ ქალაქთაგან, რომელიც პუტინის მიერ ანექსირებულ რეგიონებში მდებარეობს.
ქალაქ ხერსონის მოსახლეობა ომამდე 300 000-მდე ადამიანს შეადგენდა, თუმცა უკრაინის ცნობით, მათმა ნახევარზე მეტმა ქალაქი რუსეთის შეჭრის შემდეგ დატოვა.
ასევე დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებულ ოთხ რეგიონში: ლუჰანსკში, დონეცკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
ამის შესახებ მან ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ფედერაციის საბჭოს დაუყოვნებლივ გაეგზავნება.
უკრაინის კონტრშეტევა ხერსონში
უკრაინის ძალების ცნობით, გასულ რამდენიმე კვირაში მისი ჯარი სტაბილურად იბრუნებს ტერიტორიებს ხერსონის მიმართულებით. მათ მდინარე დნეპრის გასწვრივ სამხრეთში, რუსული ძალების 30 კმ-მდე მანძილზე უკან დახევა შეძლეს.
ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, რუსული წყაროები აცხადებენ, რომ უკრაინის ძალები ხერსონის ოლქში მთლიან ფრონტის ხაზზე განაგრძობენ კონტრშეტევით ოპერაციებს: თავს ესხმიან რუსეთის კომუნიკაციის სახმელეთო ხაზებს და რუსეთის იარაღის საწყობებს ხერსონის ოლქში.
რუსეთის ხელისუფლება და ოკუპირებულ რეგიონების მარიონეტული ხელმძღვანელობა ცდილობს, უკრაინის მოქალაქეები უკრაინული ძალების დაწინაურების პასუხად უკრაინის მოქალაქეებს ტერიტორია დაატოვებინოს და რუსეთში გადაიყვანოს.
ინსტიტუტის ცნობით, მომდევნო დღეებში ე.წ ხელისუფლებისგან უკრაინის მოსახლეობაზე წნეხი გაიზრდება, რომ დატოვონ ტერიტორია.
უკრაინის სამხრეთის ოპერაციულმა სარდლობამ კი განაცხადა, რომ უკრაინის ძალებმა 100-მდე ობიექტს გაუხსნა ცეცხლი ხერსონში და გაანადგურა რუსული შეიარაღების 2 საწყობი ქალაქ ბერისლავთან, ქალაქ ხერსონიდან 47 კმ-ში.
რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ, უკრაინის იმ მოქალაქეებს, ვინც რუსეთის მიერ კონტროლირებულ ხერსონიდან გასვლისკენ უბიძგონ მაშინ, როცა უკრაინის ძალები რეგიონს უახლოვდება.
ხერსონის ე.წ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ სალდომ განაცხადა, რომ მდინარე დნეპრის მაჯვენა სანაპიროზე არსებული 4 ქალაქის მოსახლეობის "ორგანიზებული და ეტაპობრივი გადაადგილება" 18 ოქტომბრიდან დაიწყო.
რუსეთის მიერ ახლადდანიშნულმა მეთაურმა სერგეი სუროვიკინმა განაცხადა, რომ უკრაინულმა რაკეტებმა ხერსონში დააზიანა ანტონივსკის ხიდი და კახოვკას ჰიდროელექტროსადგური. შედეგად შეიქმნა გადაადგილებასთან, აუცილებელი სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები - კერძო საკვების, წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება.
გენერალმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა მუდმივად ესხმის თავს ფრონტის სხვადასხვა ადგილას - კუპიანსკის და ლიმანის აღმოსავლეთით და სამხრეთში - მიკოლაივი-კრივი რიჰის ფრონტზე.
მარიონეტმა ლიდერმა, ვლადიმირ სალდომ კი განაცხადა, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ხერსონზე მასშტაბურ თავდასხმას და ნოვა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებას გეგმავს. სალდოს თქმით, წყალსაცავზე ამგვარი შეტევის შედეგად, შესაძლოა, მდინარის მარჯვენა სანაპირო დაიტბოროს.
ევაკუაცია ხერსონიდან - რუსეთის გეგმები
ვლადიმირ სალდოს ცნობით, მოსახლეობის გამოყვანის მიზეზი დატბორვის საფრთხეებია, რისი საშიშროებაც უკრაინის მხრიდან კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის დაბომბვის შედეგად შეიძლება დადგეს.
ე.წ ლიდერის თქმით, გასულ 2 დღეში ხერსონი 5 000-ზე მეტმა ადამიანმა უკვე დატოვა. ის აცხადებს, რომ ეს ყველაფერი დროებითია და სამხედრო მიზნების შესრულებამდე გაგრძელდება.
„მარცხენა სანაპიროზე ადგილები მომზადებულია, სადაც ადამიანებს შეუძლიათ გარკვეული პერიოდით დარჩნენ... ჩვენ ყველას გვჯერა რომ ეს დროებითია - იმ პერიოდისთვის ვიდრე იმ სამხედრო დავალებებს შევასრულებთ, რაც ჯარს უდგას“ - განაცხადა სალდომ.
ამ "გადაადგილების" გამოცხადების შემდეგ ხერსონის მარიონეტმა ადმინისტრაციამ ასევე განაცხადა, რომ დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე მოსახლეობას შესვლა 7 დღით შეეზღუდება.
ოქტომბრის დასაწყისში, უკრაინის ძალებმა გაარღვიეს რუსეთის თავდაცვა დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე და ბერისლავის და კახოვკას სადგურის მიმართულებით დაწინაურდნენ, შედეგად ხერსონში განთავსებული რუსი სამხედროების ალყაში მოქცევის შესაძლებლობა რეალური გახდა.
ხერსონის რეგიონის ე.წ ხელისუფლებამ მოსახლეობას რეგიონის დატოვებისკენ პირველად 13 ოქტომბერს მოუწოდა.
დღეს 19 ოქტომბერს, კი ხერსონის მოსახლეობამ მიიღო მოკლეტექსტური შეტყობინება ე.წ ხელისუფლებისგან, რომელიც მათ "უკრაინის სამხედრო ძალებისგან თავდასხმის საფრთხეების გამო" ევაკუაციისკენ მოუწოდეს. ხერსონში მათ კარდაკარ პრინციპითაც დაიწყეს ევაკუაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება.
ევაკუაციის გამოცხადების შემდეგ, ხერსონში სიტუაციაზე ისაუბრა უკრაინაში რუსეთის ე.წ სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელმა სერგეი სუროვიკინმაც.
მისი თქმით, ხერსონის მოსახლეობისთვის საშიში სიტუაცია ვითარდება, ანტონოვსკის ხიდი და კახოვსკის ჰიდროელექტროსადგური დაზიანდა უკრაინის HIMARS რაკეტებით თავდასხმის გამო. შესაბამისად, სუროვიკინის ცნობით, ხიდზე გადაადგილება შეჩერებულია, საკვების მიწოდება გართულებული, ასევე პრობლემებია წყალთან და ელექტრობასთან დაკავშირებითაც.
რუსეთის პარლამენტმა 18 ოქტომბერს ასევე განიხილა ხერსონის მოსახლეობის რუსეთში გადაყვანის გეგმა.
გადასახლებულთათვის ინსტრუქციები საოკუპაციო ადმინისტრაციის ტელეგრამ არხზეც გამოქვეყნდა. მოსახლეობას უფლება აქვს თან წაიღოს ნივთები, რომელთა წონაც არ აღემატება 50 კგ-ს, ისინი ასევე ვალდებულნი არიან ყველა ბარგს შემცველობის შესახებ შესაბამისი იარლიყები გაუკეთონ.
რუსეთის პრემიერ მინისტრის მოადგილემ მარატ უსნულინმა ასევე 18 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ ანექსირებულ ხერსონში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეები ხერსონის დატოვების და რუსეთში გადასვლის შემთხვევაში მიიღებენ საცხოვრებელ ვაუჩერს, მატერიალურ მხარდაჭერას და გარკვეულ ფინანსურ კომპენსაციას.
რუსული სახელმწიფო, პროპაგანდისტული მედია Vremya TV-ის ცნობით, ხერსონიდან ევაკუირებული ოჯახების თითოეული წევრი მიიღებს 100 000 რუბლს ($1 626), რათა ჩაანაცვლონ ის საყოფაცხოვრებო ნივთები, რომელთა ხერსონში დატოვებაც მოუწევთ.
17 ოქტომბერს უკრაინის წინააღმდეგობის ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მუზეუმებს დაავალა, ძვირფასი ექსპონატები უკრაინიდან რუსეთში გადატანისთვის მოამზადებინათ.
სალდომ, ხერსონის მარიონეტმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ხერსონს "უკრაინას არ დაუთმობენ" და ჯარი ბრძოლისთვის მზადაა.
"უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ხერსონის დათმობას არავინ აპირებს... ქალაქი ჩვენი კონტროლის ქვეშაა. უბრალოდ საჭიროა, დავიცვათ მოქალაქეები. არავინ დათმობს ხერსონს, ჯარმა იცის, რაც უნდა გააკეთოს.
ჩვენ ველით თავდასხმებს. ჯარს აქვს საკმარისი ძალა და უნარები რომ მოიგერიოს ეს თავდასხმები და მეტიც, გადავიდეს კონტრშეტევაზე თუ ამას მოითხოვს ტაქტიკური ვითარება საკონტაქტო ხაზის რომელიმე მონაკვეთში“ - განაცხადა სალდომ.
უკრაინის გამოხმაურება
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ხერსონში ევაკუაციის გამოცხადების შესახებ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ ხელისუფლება ხერსონის ანექსიის პომპეზური გამოცხადებიდან რამდენიმე კვირაში თავად, ცერემონიულად ტოვებს ხერსონს და "უკრაინულ სამართალს ელოდება".
"ხერსონის ანექსიის პომპეზური გამოცხადებისა და წითელ მოედანზე სადღესასწაულო კონცერტის შემდეგ 1 თვეც არ გასულა, ახლა კი თვითგამოცხადებული "ქალაქის ადმინისტრაცია"... ცერემონიულად ტოვებს [ხერსონს] უკრაინული სამართლის მოლოდინში. რეალობა შესაძლოა მტკივნეული იყოს, თუ არარეალურ, წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობ.“ - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.
მიკოლაევის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმის აზრით კი, ხერსონიდან ევაკუაციის მიზეზი ისაა, რომ რუსები თავად აპირებენ მათ მიერვე ოკუპირებულ ხერსონზე თავდასხმას.
„ისინი ევაკუაციის შესახებ მესიჯებს აგზავნიან, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები უკრაინა ხერსონს დაბომბავს. როცა ვიცით რუსეთის ტაქტიკა და ვინაიდან ისინი ჩაპლინკას ტერიტორიაზე გამაგრებებს აყენებენ, და არტილერიის ლულა ზუსტად ხერსონისკენაა მიმართული, მე მაქვს შეგრძნება, რომ რუსები ემზადებიან, დაარტყან ხერსონს“ - განაცხადა კიმმა.