logo
ENG



პროკურატურამ ვაკის პარკის ტრაგედიაზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა

19 ოქტ 202220:31
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/19/2jxwmvgwppefghw.png

საქართველოს პროკურატურამ ვაკის პარკის ტრაგედიაზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა - უწყება მათ სამსახურებრივ გულგრილობას, საწარმოში ჩადენილ გულგრილობას, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას ედავება.

უწყების ცნობით, ბრალდება წარედგინათ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, შპს გრინსერვისი +-ის დირექტორს, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებელს და ერთ თანამშრომელს, შპს გრინსერვისი +-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის, ნიუ მეტალ დიზაინის წარმომადგენელს, ნიუ მეტალ დიზაინის მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს და შპს მშენ-ექსპერტის დირექტორს და ექსპერტს.

პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა ორი დანაშაულებრივი ეპიზოდი. პირველი: 2021 წლის 22 ოქტომბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და გრინსერვისი +-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მათი თქმით, 2022 წლის 26 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ცენტრალურ შადრევანზე შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა.

"აღნიშნულის შემდგომ, 2022 წლის სექტემბერში, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული იყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, გრინსერვისი +-ის პროექტის მენეჯერს სიტყვიერად მოსთხოვა, რომ ცენტრალურ შადრევანზე დამატებით ჩაეტარებინათ გარკვეული სამუშაოები, კერძოდ, უჟანგავი თეთრი ფერის თუნუქის მასალით შეეფუთათ ელექტრო ძრავაზე დაერთებული შავი ფერის წყლის მილები.

გრინსერვისი +-ის პროექტის მენეჯერმა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა გრინსერვისი +-ის დირექტორს, რომლის მითითებითაც აღნიშნული სამუშაო ქვეკონტრაქტორი ფირმის ნიუ მეტალ დიზაინის წარმომადგენელს შეუკვეთეს. ამ უკანასკნელმა თავის მხრივ, სამუშაოს შესრულება ნიუ მეტალ დიზაინის მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს დაავალა. სამუშაოს ზედამხედველობა და კონტროლი კი, გრინსერვისი+-ის სამუშაოთა მწარმოებელს უნდა განეხორციელებინა", - აღნიშნულია განცხადებაში.

პროკურატურის ვერსიით, 22 სექტემბერს, დილის საათებში ზემოხსენებული ხელოსნები მივიდნენ ცენტრალურ შადრევანთან, მიიტანეს შესაფუთი თუნუქის მასალა და დაიწყეს სამუშაოების შესრულება. მათი თქმით, სამუშაოების მიმდინარეობისას, ხელოსნებმა დაარღვიეს სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ, წყლის მილებზე უჟანგავი თუნუქის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტრო ძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის უკან დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ლითონის ცხაურს შორის მაღალი ძაბვის ელექტრო კაბელი მოაყოლეს. უწყება აცხადებს, რომ ამის გამო, დაზიანდა ელექტრო კაბელის იზოლაცია და მოხდა დენის წყალში გაჟონვა.

"გრინ სერვის+-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე. თავის მხრივ, გრინ სერვის +-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელმა არ გადაამოწმა მის მიერ დაქირავებული ხელოსნების მიერ შესრულებული სამუშაო. ხოლო, გრინ სერვის +-ის სამუშაოთა მწარმოებელმა არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას.

აღნიშნულ პირთა მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამოვლენილი იქნებოდა ელექტრო სადენის დაზიანების ფაქტი და თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი", - აღნიშნავენ უწყებაში.

საქართველოს პროკურატურამ ბრალდება თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია); გრინსერვისი+-ის დირექტორს - 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), გრინსერვისი+-ის საქმის მწარმოებელს და ნიუ მეტალ დიზაინის წარმომადგენელს - 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია); ნიუ მეტალ დიზაინის მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს - 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარუდგინა.

უწყების განცხადებითვე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით, მეორე ეპიზოდზე დადგენილია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და გრინსერვისი +-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას, შემსრულებელი ვალდებული იყო წარედგინა ფორმა N2 და ექსპერტიზის ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა შესრულებული სამუშაოების და მიწოდებული პროდუქციის ხელშეკრულების პირობებთან და პროექტთან შესაბამისობაზე და ხარისხზე.

"2022 წლის აგვისტოში გრინსერვის+-მა შეასრულა შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი და შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით ხელშეკრულება შპს მშენ-ექსპერტთან გააფორმა. მშენ-ექსპერტის ინსპექტორმა და ტექნიკურმა მენეჯერმა შეისწავლეს მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების შესაბამისობა დანახარჯებთან, ხოლო სამუშაოების შესაბამისობა მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან მათ არ შეუსწავლიათ.

აღნიშნულის შემდეგ, მშენ-ექსპერტის ინსპექტორმა და ტექნიკურმა მენეჯერმა მოამზადეს დასკვნის პროექტი და 19 აგვისტოს გადაუგზავნეს გრინსერვისი+-ის თანამშრომელს. ეს უკანასკნელი იმავე დღეს, მივიდა შპს მშენ-ექსპერტი-ს ოფისში და აღნიშნული კომპანიის ინსპექტორი და ტექნიკური მენეჯერი დაითანხმა, რომ მათ დასკვნაში შეეტანათ ყალბი მონაცემი, თითქოს შეისწავლეს სამუშაოების შესაბამისობაც მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან, სანაცვლოდ კი დაჰპირდა, რომ მათ კომპანიასთან საქმიან ურთიერთობას მომავალშიც გააგრძელებდნენ", - აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე თქმით, 25 აგვისტოს მშენ-ექსპერტის ზემოხსენებულმა თანამშრომლებმა შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ, ინსპექტირების შუალედური ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში შეიტანეს ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოსდა შეისწავლეს და დაადგინეს შესრულებული სამუშაოების შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან.

პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული ყალბი დოკუმენტი გრინსერვის+-ის დირექტორმა, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით წარადგინა.

უწყების ცნობით, აღნიშნულ ეპიზოდზე, საქართველოს პროკურატურამ ბრალდება გრინსერვისი+-ის დირექტორს 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება); გრინსერვისი+-ის თანამშრომელს - 25,362 მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზება), მშენ-ექსპერტის დირექტორს და ამავე კომპანიის ინსპექტორს - 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება, გასაღება) წარუდგინა.

სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება. პროკურატურის ცნობით, ცხრავე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.


close დახურვა