logo
ENG



თსუ-ში ხმაურია - სტუდენტები რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას აპროტესტებენ

20 ოქტ 202210:17
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხმაურია. სტუდენტები რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელის და უნივერსიტეტის ლექტორის, ჯაბა სამუშიას არჩევას აპროტესტებენ.

სტუდენტები აცხადებენ, რომ პროცესები გამჭვირვალე არაა და უნივერსიტეტში მათ საჭიროებებზე არავინ და არასდროს ზრუნავს. მათივე თქმით, შეუძლებელია ეს არჩევნები იყოს მათ ნებაზე დაფუძნებული და გამჭვირვალე.

სტუდენტების ნაწილი სამუშიას რექტორად არჩევას უნივერსიტეტის ეზოში, ნაწილი კი 107-ე აუდიტორიასთან აპროტესტებს, სადაც რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ტარდება.

"როგორც ვიცით, არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს მინიმუმ 2-მა კანდიდატმა, თუმცა არსებობს მხოლოდ ერთი. არ ვიცი, რა თანხას უხდიან ხალხს, ვინც შიგნით არის და რის საფუძველზე აკეთებენ ასეთ არასამართლიან რაღაცას, მაგრამ ფაქტი ერთია - ეს არის არალეგიტიმური, არასამართლიანი და ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და ამომრჩეველი იყოს არა 38 კაცი, არამედ მეტი, სრული პროფესურა", - აცხადებს ერთ-ერთი სტუდენტი.

მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შერვაშიძემ თანამდებობა დატოვა, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე მხოლოდ ერთმა კანდიდატმა - პროფესორმა ჯაბა სამუშიამ შეიტანა განაცხადი. ჯაბა სამუშია საკრებულოს ყოფილი წევრია ქართული ოცნებიდან.

სამუშია აცხადებდა, რომ კვლავ რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელია და არანაირი განწყობა რექტორობასთან დაკავშირებით, არ აქვს, თუმცა დიდი ალბათობით, ის დღეს თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნება.


close დახურვა