ქალი, რომელიც ლიკანში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავდა, გარდაიცვალა.
80 წლამდე ასაკის ქალი იმ სახლში იმყოფებოდა, სადაც აფეთქება მოხდა.
ექიმების ცნობით, მან სხეულის დამწვრობა და თავის არეში მრავლობითი ტრავმები მიიღო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ლიკანში 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე აფეთქება გუშინ მოხდა. შემთხვევა სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოიწვია. ამ დროისთვის კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. ისინი მერიამ ადგილობრივ სასტუმროებში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.