
დღეს მოსამართლეთა კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 მოსამართლე წევრს აირჩევენ - კანდიდატები დიმიტრი გვრიტიშვილი და ლევან მურუსიძე არიან.
ადგილები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი გოგინაშვილმა და გოჩა აბუსერიძემ პირადი განცხადების საფუძველზე საბჭო დატოვეს. დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა მოსამართლეებმა დააყენეს, ლევან მურუსიძემ კი საკუთარი კანდიდატურა თავად დაასახელა და აცხადებს, რომ "სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის" ბოლომდე იბრძოლეს.
"რამდენიმე წლის განმავლობაში ვიყავი ჩუმად, წყნარად, შესაბამისად, ვიხილავდი საქმეებს. 100% საქმეები მეწერებოდა, მაგრამ რატომღაც არ მოისვენეს არასამთავრობო სექტორი იქნებოდა, პოლიტიკოსები, ექსპერტები და ხშირად ისევ ატრიალებდნენ ჩემს სახელს. ჩემი სახელი ისეთი არაფერი, მაგრამ ამას აბამდნენ სასამართლო სისტემას და ჩემი სახელიც, ფაქტობრივად, ჩემი გვარიც, უფრო სწორად, იმიტომ, რომ მურუსიძე გვარი რატომღაც უარყოფით კონტექსტში გამოიტანეს და პიროვნულად კი არა, სულ ცოტა, გვარს აყენებდნენ შეურაცხყოფას წლების განმავლობაში და ყველა პრობლემას, რაც კი იყო სასამართლოში, ქვეყანაში, მაბრალებდნენ. ამიტომ, მე რადგანაც ვიყავი რიგითი მოსამართლე და არ მქონდა საშუალება, პასუხი გამეცა, ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ თუ პრეტენზია ექნება ვინმეს, რამე, მე თვითონ გავცემ პასუხს" - აცხადებს ის.
მურუსიძის თქმით, მისი "მოშორებით და დისკრედიტაციით ფიქრობდნენ, რომ შემდგომ დაშლიან სასამართლო სისტემას და შემოვლენ იმ კადრებით, იმ კადრებით, რომლებიც შემდგომ მართავენ".
"აქედან გამომდინარე, მე ამის დაშვებას ვერ დავუშვებდი, შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ვიყო საბჭოს [წევრი], ვიბრძოლო ბოლომდე, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი. [...] უბრალოდ, 21-ე საუკუნეა, თორემ ცეცხლზე დაგვწვავდნენ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები [...] გამსახურდიაში რომ არის: "მე იმ გვარისა ვარ, ვისაც უკან დახევა არ სჩვევიაო". თუ გნებავთ, ვიმეგობროთ, გვქონდეს ურთიერთობა, ვთქვათ, კრიტიკაც იყოს, მაგრამ იყოს დადებითი მომენტების გამოკვეთაც, თუ უნდა ბრძოლა, უნდა ვიბრძოლოთ. სხვა გზა არ არის", - თქვა მურუსიძემ.