პოლონეთის პარლამენტის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას ტერორისტულ რეჟიმად აღიარებს.
რეზოლუციაში საუბარია უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე. პოლონეთმა ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭირონ სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირების გასასამართლებლად.
"უკრაინის მოქალაქეების მხრიდან დამოუკიდებლობის გმირულად დაცვამ მთელი თავისუფალი სამყაროსგან აღიარება დაიმსახურა. დღეს უკრაინა ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია, რომელიც იცავს დემოკრატიასა და თავისუფლებას. რუსი ოკუპანტები ატერორებენ უკრაინული ქალაქების მაცხოვრებლებს სამოქალაქო შენობების დაბომბვით: საბავშვო ბაღების, სკოლების, თეატრების და საცხოვრებელი სივრცეების. რუსულ უნიფორმებში გამოწყობილი ბანდიტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე აწამებენ და კლავენ ომის პატიმრებს და მოქალაქეებს“ - წერია რეზოლუციაში.
პოლონელი სენატორების თქმით, რუსეთი უნდა დამარცხდეს და მომავალში მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხის შექმნა ვეღარ შეძლოს. სენატმა ასევე მოუწოდა სხვა ქვეყნებს, აღიარონ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად.
"ევროპელებს სჯეროდათ, რომ ისინი გენოციდის, ომის დანაშაულების საფრთხის ქვეშ აღარასდროს აღმოჩნდებოდნენ, და იმავდროულად ვლადიმერ პუტინი და მისმა ძალადობრივი ხელისუფლება სტალინისტური და ნაცისტური რეჟიმების ბოროტულ პრაქტიკას დაუბრუნდა" - წერია რეზოლუციაში.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა პოლონეთის სენატს ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.