logo
ENG



მედია: ნენსი პელოსის ქმარზე თავდასხმის წინ კაცი ყვიროდა "სადაა ნენსი?"

29 ოქტ 202200:12
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/29/mdi42rsmkkvj2hh.jpg

მედიის ინფორმაციით, პირი, რომელიც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის სახლში შეიჭრა და მის ქმარს დაესხა თავს, რეალურად, პოლიტიკოსს ეძებდა.

82 წლის პოლ პელოსი კალიფორნიის სახლში თავდასხმის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ოპერაცია ჩაუტარდება.

დაკავებული 42 წლის კაცია. მან სახლის უკანა კარის შუშა ჩაამტვრია, და როგორც ინფორმაცია ვრცელდება, პოლ პელოსისთან დაპირისპირების წინ ყვიროდა "სადაა ნენსი?"

ინციდენტის დროს ნენსი პელოსი ვაშინგტონში იყო.

"სპიკერი და მისი ოჯახი მადლიერიები არიან მაშველებისა და სამედიცინო მუშაკების და ამჟამად კონფიდენციალურობას ითხოვენ", - განაცხადა სპიკერის წარმომადგენელმა.

სან-ფრანცისკოს პოლიციის უფროსმა, უილიამ სკოტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ოფიცრებმა უპასუხეს გამოძახებას ადგილობრივი დროით 02:27 საათზე. ოთახში შესვლის დროს მათ დაინახეს, რომ პოლ პელოსის და თავდამსხმელს - იდენტიფიცირებულს როგორც დევიდ დეპეიპი - ჩაქუჩები ეჭირათ, თუმცა კაცმა პელოსის იარაღი წაართვა და სასტიკად გაუსწორდა.

CBS News წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ ეჭვმიტანილი ცდილობდა პელოსის გაკოჭვას, "სანამ ნენსი არ დაბრუნდებოდა სახლში".

მას ბრალად ედება მკვლელობის მცდელობა, სასიკვდილო იარაღით თავდასხმა, ქურდობა და რამდენიმე სხვა დანაშაული, თქვა უილიამ სკოტმა და დასძინა, რომ თავდასხმის მოტივი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

ნენსი პელოსი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი პოლიტიკოსია. 2021 წელს ის დემოკრატიული პარტიიდან მეოთხე ვადით აირჩიეს წარმომადგენელთა პალატის სპიკერად.

თვითონ პელოსი ბალტიმორიდან არის, თუმცა 1987 წლიდან კონგრესში სან-ფრანცისკოს რაიონს წარმოადგენს. ის ცხოვრობს როგორც ვაშინგტონში, ისე კალიფორნიაში და პერიოდულად ჩადის იქ.

ამჟამად ის საარჩევნო კამპანიით არის დაკავებული და 8 ნოემბრის შუალედური არჩევნებისთვის ემზადება. თავდასხმის დროს ის ვაშინგტონში იმყოფებოდა. სპიკერი ოჯახთან ერთად კალიფორნიაში ბრუნდება.

მისი ქმარი, მულტიმილიონერი პოლ პელოსი ძირითადად სან-ფრანცისკოში ცხოვრობს, სადაც დაიბადა და გაიზარდა.

თავდასხმის გამოძიებაში ჩართულია FBI და კაპიტოლიუმის პოლიცია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კაპიტოლიუმის პოლიცია, რომელიც კონგრესის ლიდერების უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი, ოჯახების უსაფრთხოების ზომების გაზრდას განიხილავს.


close დახურვა