logo
ENG



რუსეთის თქმით, უკრაინა სევასტოპოლთან რუსულ გემებს თავს 16 დრონით დაესხა

29 ოქტ 202217:41
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინა ანექსირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში შავ ზღვაში არსებულ გემებს 16 დრონით დაესხა თავს. 

რუსეთის თქმით, ეს უკრაინის მხრიდან ტერორისტული თავდასხმა იყო. 

უწყების ცნობით, თავდასხმა 9 საჰაერო და 7 წყალქვეშა დრონს მოიცავდა. რუსეთი აცხადებს, რომ შავ ზღვის ფლოტის გემებმა და ავიაციამ ყველა დრონი გაანადგურა. 

რუსეთის თქმით, თავდასხმის შედეგად “მცირე დაზიანებები” მიიღო ნაღმმტყორცნმა "ივან გოლუბეცმა" და ასევე დაზიანდა ზღვის ჩრილოეთ ყურეში არსებული ბარიერი. 

თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ის გემები, რომელსაც უკრაინა თავს დაესხა ჩართულები არიან შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის დაცვაში. 

რუსეთის თავდაცვის უწყებამ ასევე განაცხადა, რომ სევასტოპოლზე თავდასხმა “ბრიტანელი სპეციალისტების” კოორდინაციით მოხდა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის, იგორ კონაშენკოვის თქმით, თავდასხმაში მონაწილეობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 73-ე სპეციალური ცენტრი საზღვაო ოპერაციებისთვის, რომელიც მიკოლაევის რეგიონის ქალაქ ოჩაკივში მყოფმა “”ბრიტანელმა სპეციალისტებმა” გაწვრთნეს. 

რუსეთის თქმით, ბრიტანეთის საზღვაო ძალების ეს დანაყოფი 26 სექტემბერს ბალტიის ზღვაში ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის გაზსადენზე თავდასხმაში მონაწილეობდა. 

“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბრიტანეთის საზღვაო ძალების ამავე დანაყოფის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ბალტიის ზღვაში 26 სექტემბერს ჩრდილოეთის ნაკადი 1 და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენების აფეთქების დაგეგმვაში, მხარდაჭერასა და განხორციელებაში მონაწილეობდნენ” - განაცხადა კონაშენკოვმა. 

სევასტოპოლში მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია უკრაინულ მხარეს. 

ცნობილია, რომ აგვისტოს ბოლოს დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის წყალქვეშა დრონების გადაცემა დაიწყო. ამის მიზანი უკრაინის სანაპირო ზოლის რუსული ტექნიკისგან გაწმენდა იყო. 


close დახურვა