ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს 9 418 ლარის გადახდა დააკისრა.
კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი გულისხმობს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ხოლო მე-2 პუნქტი უდანაშაულობის პრეზუმფციას.
სტრასბურგმა დაადგინა, რომ გიორგი მამალაძის მიმართ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას გამოძიების პროცესში სამხილების მოპოვებისა და მათი გამსაჩივრებლის წინააღმდეგ გამოყენების დროს.
ამავე დროს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების დროს. დარღვეულ იქნა მე-6 მუხლის მე-2 პუნქტიც.
სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ დარღვევის დადგენა თავისთავად საკმარისია იმისათვის, რომ გამსაჩივრებლის ნებისმიერი მორალური ზიანი ანაზღაურდეს.
აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას გიორგი მამალაძის სასარგებლოდ 9 418 ლარის გადახდა დაეკისრა, სამი თვის ვადაში.
***
დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის 2017 წელს, თბილისის აეროპორტში დააკავეს.
თავდაპირველად იყო ვერსია, თითქოს დეკანოზი მაღალი იერარქის მკვლელობას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ განაცხადა, რომ სასულიერო პირს თეთრუაშვილის მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.