logo
ENG



"შეხსნილი პიჯაკი რატომ გაცვიაო" - არასრულწლოვანი ბიჭი წერს, რომ ავტობუსში თავს დაესხნენ

06 ნოე 202218:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/06/y3sacjm2095jbbh.png

17 წლის ლუკა აბლოთია Facebook-ზე წერს, რომ თბილისის ავტობუსში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ. 

მისი თქმით, თავდაპირველად კაცი თავს პიჯაკის გამო დაესხა, კამათის შემდეგ კი ხელით შეეხო და მოკვლით დაემუქრა. მან ფორმულას უთხრა, რომ ახლა პოლიციის განყოფილებაშია.

"ეს "კაცი" თავს დამესხა ავტობუსში ჩემი პიჯაკის გამო, რატო გაცვია შეხსნილი ღილებითო. მეთქი რა შენი საქმეა, მე რა მეცმევათქო და დავიწყეთ კამათი. მერე ეს კაცი წამოდგა და ხელის დასარტყამად გამოიწია, მერე კიდევ ერთმა წამოიწია და თითქმის ბრბოს ქვეშ მოვხვდი, რომელიც მაგინებდა და შეურაცხყოფას მაყენებდა. მერე გოგონებმა გამარიდეს და ავტობუსის წინა ნაწილში გადავედი სადაც 112-ში დავრეკე. ეს კაცი მოკვლით მემუქრებოდა, სხვა გზა არ მქონდა.

დიდუბეში უნდა მოსულიყო ეკიპაჟი, რომელსაც დიღმის მასივიდან გადასცეს განცხადების შესახებ, მაგრამ არ მოვიდნენ დროულად და ავტობუსი წავიდა წინ. მერე წერეთლის 126-ში გააჩერა მძღოლმა, პოლიციას ველოდებოდით. ეს კაცი წინ გადმოვიდა და ხელი დამარტყა, მეც თავი დავიცავი და ჩემი ძალით მოვიგერიე, მერე უკან დაიხია და მუქარებზე გადმოვიდა. ავტობუსში ზოგიერთი "ქალი" მე მაბრალებდა ამას. ვერ გიყვებით ღრმად დეტალებს, რადგან ცუდად ვარ ამას რომ ვწერ, მერე პოლიცია მოვიდა და სასწრაფო გამოიძახეს", - წერს ის.

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.


close დახურვა