
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსი სამხედროები აკეთებენ იმას, რაც ყველაზე მეტად უყვართ - ძარცვავენ სახლებს.
"სანამ ხერსონის მაცხოვრებლებს იძულებით ასახლებენ თავიანთი სახლებიდან, საუბრობენ "ევაკუაციაზე", რუსი სამხედროები და ФСБ-ს ოფიცრები აკეთებენ იმას, რაც ყველაზე მეტად უყვართ - ძარცვავენ სახლებს. მათი ძარცვა, ვის "დასაცავადაც" მოვიდნენ - საუკეთესო "რუსული სამყაროს" ილუსტრაციაა," - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.
აგვისტოს ბოლოს, უკრაინის არმია რამდენიმე მიმართულებით კონტრშეტევაზე გადავიდა. 24 ოქტომბერს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ხერსონის ოლქში 90-ზე მეტი დასახლების გათავისუფლების შესახებ.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.