
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე ყოფილი მიონის შენობის ფასადზე მერიის ნებართვით უნიკალური მოზაიკა ალუმინითა და შუშით ჩაანაცვლეს - შენობის ფასადზე ფრანგული აივნები გაჭრეს, მოზაიკიდან კი მხოლოდ ნარჩენები დარჩა.
ფასადის შეცვლა შენობის ამჟამინდელმა მესაკუთრემ შპს მონა ლიზამ მოითხოვა.
ქართული მოზაიკის განვითარებისა და მხარდაჭერის ფონდ რიბირაბოს თანადამფუძნებელი ნათია ამირეჯიბი წერს, რომ მიონის მოზაიკა 2021 წელს თბილისის მერიის მიერ დაბეჭდილ ბროშურაში "თბილისის ღირსშესანიშნაობებში" იყო ნახსენები. ამავე წელს კი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა ობიექტის დაზიანების მოთხოვნაზე თანხმობა გაიცა.
"2021 წელს თბილისის მერიის მარკეტინგის განყოფილების თანამშრომლებმა მიმართეს ჩვენს ფონდს და გვთხოვეს, რომ მათთვის მიგვეწოდებინა თბილისის ყველაზე მნიშვნელოვანი მოზაიკების სია და ფოტოები, შეგვედგინა ტურისტული მარშრუტი ამ მოზაიკების გამოყენებით და გაგვეკეთებინა რუკა მათი ლოკაციებით.
აღნიშნული მასალა მათ სჭირდებოდათ კიდევ ერთი ტურისტული ბროშურის გამოსაცემად სერიიდან "თბილისის ღირსშესანიშნაობები", რომელიც ამჯერად მოზაიკას მიეძღვნა. ჩვენს მიერ მოწოდებული მასალა მერიამ დაამტკიცა და, როგორც ვიცი, ბროშურა იმავე 2021 წელს დაიბეჭდა. სხვა მოზაიკებს შორის მიონის მოზაიკაც იქნა ბროშურაში ნახსენები, როგორც თბილისის მოზაიკების ტურისტულ მარშრუტში შემავალი ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა"- აცხადებს ამირეჯიბი.
თბილისის მერია მოზაიკის დაზიანებას იმით ამართლებს, რომ მას კულტურული ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა მინიჭებული.
დღეს კი, როგორც მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათივე ნებართვით დაზიანებული ფასადის აღდგენა იგეგმება და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
"ფასადს, რომელიც მოზაიკით იყო მოპირკეთებული, არ აქვს მინიჭებული ისტორიული ძეგლის სტატუსი. შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება ისტორიული ძეგლისთვის დადგენილი რეგლამენტი და ვრცელდება სტანდარტული სანებართვო რეჟიმი, რომელიც ითვალისწინებს, რომ ფასადზე ღიობის გამოჭრა არის პირველი კლასის მშენებლობა, რომელსაც არ სჭირდება მშენებლობის ნებართვა, არის შეტყობინებით შეთანხმება არქიტექტურის სამსახურთან, რომელიც მოხდა 2018 წელს.
იმ შემთხვევაში, თუ ამ ფასადს ექნებოდა ისტორიული ძეგლის სტატუსი, მასზე ცხადია, გავრცელდებოდა უფრო მკაცრი რეგლამენტი და უფრო მეტი ინსტანციის და ეტაპის გავლა მოუწევდა ნებართვის მისაღებად, თუმცა ვინაიდან არ არის ეს სტატუსი, მასზე გავრცელდა სტანდარტული რეგლამენტი.
რაც შეეხება იმას, თუ რას ვაპირებთ ახლა, მერია აწარმოებს მოლაპარაკებას მესაკუთრესთან იმ მიზნით, რომ მოხდეს ფასადის აღდგენა. შეხვედრა დანიშნულია, ხვალ პირადად მე შევხვდები"- ამბობს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე.
"მიონის მოზაიკა" გასული საუკუნის 70-იან წლებს განეკუთვნება, მისი ავტორი კუკური წერეთელია.
მოზაიკა ტიპური ინდუსტრიული ნაგებობისაა, რომელიც ზუსტად აღწერდა ე.წ. მიონის ქარხნის, როგორც კვლევითი ინსტიტუტის ფუნქციას.