logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: არ გაგვეკაროთ - დაგსვრით!

16 ნოე 202221:10
3 წუთის საკითხავი
clock 884
2022/11/16/lke0qy6cbv55okw.jpg

როდესაც ქუჩაში ჭუჭყსა და ტალახში ამოთხვრილ, აგრესიულ ლოთს გადაეყრები, რომელიც არაადეკვატურად იქცევა, უმიზეზოდ ტეხს დებოშს და გამვლელ-გამომვლელს აფურთხებს და შეურაცხყოფას აყენებს, სრულიად ნორმალური რეაქციაა, რომ  გაერიდო და ქუჩის მეორე მხარეს გადახვიდე. ბუნებრივია არ გინდა, რომ ეს ადამიანი შეგეხოს, გაგსვაროს, ან მეტიც, შეურაცხყოფა მოგაყენოს. დაახლოებით, ამ როლს თამაშობს საერთაშორისო ურთიერთობებში დღევანდელი საქართველოს მმართველი კლასი ივანიშვილის მეთაურობით, სუსით თუ ოცნების მოლაპარაკე თავებით, რომლებიც მზად არიან უთვალთვალონ, გასვარონ, თუ შეურაცხყოფა მიაყენონ ყველას, ვისაც საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ბედი ანაღვლებს.

მაინც, რის მიღწევას ცდილობს ხელისუფლება და მისი პროპაგანდისტული მანქანა ზაფხულში, ლონდონში, ფარული თვალთვალის დროს გადაღებული ფოტოს გარშემო ატეხილი კაკაფონიით?

მიზანი ორია, საგარეო და საშინაო მოხმარების:

კურტ ვოკერისა და დავით კეზერაშვილის თვალთვალის კადრის გამოგდებით, ივანიშვილმა ღია დემონსტრირება მოახდინა იმისა, რომ უცხოელ დიპლომატებს მხოლოდ საქართველოში კი არ უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ, არამედ ქვეყნის გარეთაც. ჩვენი ქვეყანა თვალსა და ხელს შუა იქცა უკიდურესად უხერხულ და პრობლემატურ პარტნიორად, თავად მილიარდერი კი საერთაშორისო დონის შანტაჟიორად, რომელიც აღარავის და აღარაფერს ერიდება. გზავნილი მარტივია: საქართველო აღარ არის ძველი გულშემატკივრებისთვის სამეგობროდ თუ მხარდასაჭერად სასურველი ქვეყანა, რომლის თემატიკასთან უბრალო შეხებითაც კი შეიძლება მოგხვდეთ ტალახი, შეგელახოთ რეპუტაცია, შეგექმნათ პრობლემები და თავის მართლებაც მოგიწიოთ. ამიტომ, შეგვეშვით, ნუღარ გაგვეკარებით! წინააღმდეგ შემთხვევაში - დაგსვრით!

მაგალითები ბევრია:  შვედეთის ყოფილი პრემიერით, საქართველოს დიდი გულშემატკივრით - კარლ ბილდტით დაწყებული, ევროპარლამენტარებით, კუბილიუსით თუ ანა ფოტიგათი გაგრძელებული, და აგერ უკვე ნატოში ამერიკის ყოფილი ელჩით, კურტ ვოკერით დამთავრებული. ადამიანები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე გამორჩეული ავტორიტეტით სარგებლობენ და წლების განმავლობაში სერიოზულ როლს ასრულებენ  საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, დღეს თვალთვალის, შეურაცხყოფის და შანტაჟის სუბიექტები არიან. ივანიშვილის ამოცანაა დააშინოს, დააშანტაჟოს, შედეგად გააპასიუროს და საქართველოს თემებზე საუბრის ენთუზიაზმი ჩაუკლას დასავლელი გულშემატკივრების ამ ჯგუფს და ჩაანაცვლოს ის ვიქტორ ორბანითა თუ მსგავსი პოლიტიკოსებით, რომლებთანაც ქართული ოცნება სულიერ ნათესაობას გრძნობს. 

პარალელურად აშკარაა ანტიამერიკული პროპაგანდის გაღრმავების და  საქართველოს წინააღმდეგ ე.წ. შეთქმულების შიდა მოხმარებისთვის გამოყენების მცდელობაც. ოცნების პროპაგანდისტული მედიასაშუალებებიდან ინტენსიურად გვესმის, რომ ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ სპეცოპერაციის განსახორციელებლად, ვაშინგტონი, კურტ ვოკერის მეშვეობით, დავალებებს აძლევს დავით კეზერაშვილს, რომელმაც თავის მხრივ ქართულ ოპოზიციასა და კრიტიკულ მედიაზე უნდა მოახდინოს ზემოქმედება.  და არც ისაა ძნელი მისახვედრი, რომ საქართველოს წინააღმდეგ ამერიკული შეთქმულების მორიგი სერია, ანუ  "აკერმანის სემინარი 2", ოპოზიციისა და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მომავალი რეპრესიებისთვის ნიადაგის შემზადებას და საზოგადოებრივი აზრის მომწიფებას ემსახურება.

ამ ორკომპონენტიანი ოპერაციის წარმატებით შესრულებით ივანიშვილი ორი კურდღლის ერთად დაჭერას ცდილობს, გაანეიტრალოს საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ავტორიტეტული გულშემატკივრები და მისადმი კრიტიკულად განწყობილი საერთაშორისო აქტორები, დაასუსტოს ოპოზიცია და კრიტიკული მედია, რითაც კიდევ უფრო გაიმყარებს ძალაუფლებას. თუმცა, მთავარი კითხვა ის არის, თუ რას დაიჭერს ამის შედეგად საქართველო, როგორც სახელმწიფო და მისი გაღატაკებული მოსახლეობა, რომლისთვისაც ერთადერთი პერსპექტივა -  ქვეყნიდან გაქცევა, ივანიშვილის შემოღობილი საქართველოსთვის კი - რუსული ჭაობი იქნება.

მანამდე კი ქართველი ხალხის და სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესების ხარჯზე, ივანიშვილი წარმატებით ჩამოყალიბდა პროფესიონალ შანტაჟიორად - ქვეყნის გარეთ და კონსპირატორად - ქვეყნის შიგნით.

შეგვეშვით, არ გაგვეკაროთ, თორემ ყველას დაგსვრით!


close დახურვა