logo
ENG



გელათზე უცხოელი ექსპერტების დასკვნა წულუკიანსა და მის გუნდს არაკომპეტენტურობაში ამხელს

21 ნოე 202220:31
3 წუთის საკითხავი
 

დოკუმენტი, რომელიც ფორმულამ მოიპოვა გელათის რეაბილიტაციაში კულტურის მინისტრ თეა წულუკიანისა და მისი გუნდის არაკომპეტენტურობას ამხელს და პასუხისმგებელი პირების პირდაპირ ბრალეულობას ასახავს.

საპატრიარქო მოწვეული სპეციალისტების მიერ მომზადებულ დასკვნას რამდენიმე თვეა მალავს. 14-გვერდიანი ტექსტის შინაარსი, მთავარი აქცენტები, და რეკომენდაციები ზუსტად ემთხვევა იმ ექსპერტების და გელათის მცვლელების მოლოდინებსა და პროგნოზებს, რომლებიც წულუკიანმა პროცესს ჩამოაშორა და მათ რჩევებს არ მოუსმინა.

"1) ტენიანობის და მარილებთან დაკავშირებულ პრობლემების გამო კედლის მხატვრობის დაზიანება არის აქტიური, მიმდინარე და მძიმე. გაუმართავი სახურავით გამოწვეულმა წყლის ინფლიტრაციამ გამოიწვია კედლის მხატვრობის დიდი ტენისმიერი დაზიანება 2) ღვთისმშობლის შობის ტაძარი და მისი კედლის მხატვრობა მოითხოვს ხანგრძლივი მოვლის პროგრამას საჭიროებს 3) მეტად რეკომენდებულია გაგრძელდეს გარემოს დაცვითი მონიტორინგის სამუშაოები პრევენციული ზომების საშუალებით, რათა თავიდან იქნას აცილებული  მარილის შემდგომი გაუარესება. უნდა შეჩერდეს წყლის შემდგომი შეღწევა შენობაში. 4) ტაძრის შენობაში გაშრობის მრავალწლიანი პერიოდში გამომარილების პროცესი უწყვეტი იქნება", - წერია დასკვნაში. 

როგორც ჩანს დასკვნის ტექსტი პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წაიკითხა, თუმცა მისი სიმძიმიდან გამომდინარე მეუფე შიოსთან და თეა წულუკიანთან შეთანხმებით, ექსპერტების ანგარიში გადამალეს.

"სამუშაოები ჯერ კიდევ გასულ წელს გამოუმშრალ სველ, ნესტიან კედლებზე მერაბ ბუჩუკურის ხელმძღვანელობით დაიწყო. ამერიკელების ამ დასკვნამდე  ფიზიკური სამუშაოების შეჩერება ინგლისელმა სპეციალისტებმა გვირჩიეს და პირდაპირ გვითხრეს, რომ სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში მონასტერში ვითარება კიდევ უფრო მეტად გართულდებოდა", - თქვა ხელოვნებათმცოდნემ, ციცინო ჩაჩხუნაშვილმა.

წულუკიანის მიერ შერჩეული გუნდის და ფიზიკური სამუშაოების ხელმძღვანელი მერაბ ბუჩუკური კომენატრს არ აკეთებს, თუმცა მედიაში მისი ასეთი განცხადება იძებნება: "არ გადამრიოთ, ამერიკაში რა იციან ფრესკების რეაბილიტაცია".

გასულ წელს, ბუჩუკურმა თითქმის ამავე შინაარსის ინგლისელების სარეკომენდაციო წერილს "არაკომპეტენტური პირების" ტექსტი უწოდა და გვერდი აუარა.

მონასტრის სავალალო მდგომარეობაზე სპეციალისტები პირველივე დღეებიდან, ბოლო სამი წელია საუბრობენ.

 


close დახურვა