ისრაელის ქალაქ იერუსალიმში დღეს დილით 2 აფეთქება მოხდა, შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 11 კი დაშავდა.
პირველი აფეთქება იერუსალიმის შესასვლელში ავტობუსის სადგურთან ადგილობრივი დროით 7:06 საათზე მოხდა. პოლიციის ცნობით, შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაშავდა. ექიმები კი აცხადებენ, რომ ორმა მათგანმა მძიმე დაზიანებები მიიღო. მათ შორის ერთ-ერთი 16 წლის მოზარდია.
მეორე აფეთქება 24 წუთის შემდეგ რამოტის დასახლებაში მოხდა. პოლიციის ცნობით, ადგილიდან 3 ადამიანის ევაკუაცია მოხდა, მათ მცირე დაზიანებები მიიღეს.
ისრაელის პოლიციის კომისრის კობი შაბტაის თქმით, ეს, სავარაუდოდ, ტერორისტული თავდასხმა იყო და გამოძიება დაწყებულია. პოლიციის ცნობით, იძებნება 2 თავდამსხმელი.
პოლიციამ იერუსალიმის მოსახლეობას მოუწოდა, საჯარო ადგილებში დატოვებული საეჭვო ჩანთებისა და შეკვრების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ პოლიციას.