logo
ENG



ფაჩუაშვილის თქმით, რუსეთის პატრიარქთან ურთიერთობის გაწყვეტის საფუძველი ომი ვერ იქნება

23 ნოე 202214:44
3 წუთის საკითხავი
 

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, რომ ომი ორი ქვეყნის პატრიარქს შორის ურთიერთობის გაწყვეტის საფუძველი ვერ იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირმა განაცხადა, რომ ჩვენს ეკლესიებს შორის ევქარისტიული კავშირია, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტი სჭირდება.

"ჩვენ ეს ყველაფერი გავლილი, რაც უკრაინაში ხდება. საქართველომ ეს ჯერ კიდევ გაიარა 90-იან წლებში, მერე 2008 წლის ომში. ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმისა, რომ პატრიარქმა პატრიარქთან ურთიერთობა გაწყვიტოს, არასწორია, რა", - თქვა ფაჩუაშვილმა.

მას კითხვა დაუსვეს რუსეთის პატრიარქთან საქართველოს პატრიარქის ურთიერთობაზე იმ ფონზე, როდესაც კირილე ომის ღია მხარდამჭერია. ფაჩუაშვილმა კი განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია გაბუქებული და ტყუილია:

"რუსეთის პატრიარქს დაუსვეს კითხვა, მე რაც ვიცი, იმას გეუბნებით, მან თქვა, რომ მე არ ვარ მხოლოდ რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქი, რომ ისაა სრულიად რუსეთის პატრიარქი, მის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ომი. ამიტომ იმის თქმა, რომ პატრიარქი ყუმბარებს მირონს ცხებს და აგზავნის, რომ ხალხი დახოცოს, არის ტყუილი".

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა და მას წერილი გაუგზავნა.

"ამ რთულ დროში, გისურვებთ ჯანმრთელობას და ყველა ღვთაებრივ სიკეთეს. გისურვებთ, ასევე, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით, რაც შეიძლება მალე აღდგენილიყოს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის", - აღნიშნულია წერილში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პატრიარქ კირილეს პუტინის ხელისუფლების ქმედებები ღიად არ დაუგმია. მეტიც, რუსეთის დაბადების დღეს მან მოსახლეობას მოუწოდა, პუტინისთვის ილოცონ. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ სიკვდილი უკრაინის წინააღმდეგ ომში "ყველა ცოდვას განწმენდს".

რუსეთის პატრიარქის წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს კანადამ და დიდ ბრიტანეთმა, რაც ქვეყანაში შესვლის შეზღუდვას გულისხმობს. 


close დახურვა