logo
ENG



NGO-ები: სააკაშვილის მკურნალობის საკითხი პოლიტიკური მიზანშეწონილებით არ უნდა გადაწყდეს

26 ნოე 202212:34
3 წუთის საკითხავი
clock 524

არასამთავრობო ორგანიზაციები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ მისი შემდგომი მკურნალობის საკითხი უნდა გადაწყდეს არა პოლიტიკური მიზანშეწონილების, არამედ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით.

"ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია და საჭიროებს მყისიერ რეაგირებას. ექს-პრეზიდენტის მდგომარეობის დამძიმებას ადასტურებენ ვიზიტორებიც. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ხაზს უსვამენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს პრეზიდენტი.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მნიშვნელოვანი დამძიმების შესახებ დასკვნის არსებობის შემთხვევაში, სამკურნალოდ მისი უცხოეთში გადაყვანა არის “სწორი გზა, სხვა გზა არ არსებობს“. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან ხსენებულ განცხადებას პოლიტიკური შინაარსის პასუხები მოყვა, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს", - აღნიშნავენ ორგანიზაციები.

ისინი ხელისუფლებასა და გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირს მოუწოდებენ, მიხეილ სააკაშვილის შემდგომი მკურნალობის, მათ შორის საზღვარგარეთ გადაყვანის საჭიროების საკითხზე მსჯელობისას, იხელმძღვანელოს ექსპერტთა დასკვნებში მითითებული ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიხედვით და არა პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით, რათა სრულად გამოირიცხოს ჯანმრთელობის შემდგომი დამძიმებისა და სიცოცხლის ხელყოფის რისკები.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ფონდი ღია საზოგადოება საქართველო;
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
  • ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი;
  • პრევენცია პროგრესისთვის;
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი;
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი;
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
  • მედიის განვითარების ფონდი;
  • მწვანე ალტერნატივა;
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი.

***

ცენტრ ემპათიის ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის კლინიკური სურათის მიხედვით, დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილს ინტოქსიკაცია აქვს. ჯიშკარიანის თქმით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის სავალალო შედეგებს იწვევს "თანდათანობითი ინტოქსიკაცია". ის სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

პარალელურად, ზურაბიშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი სამედიცინო დასკვნა იქნება, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსებული გადაწყვეტილება. მისი თქმით, ამით სასამართლო გადაწყვეტს ორ პრობლემას: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და იმას, რომ სასამართლო დამოუკიდებელია.


close დახურვა