logo
ENG



ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა ვივა მედში მივიდა

28 ნოე 202212:22
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად კლინიკა ვივა მედში მივიდა. ლომჯარიას თქმით, გეგმავს, გაესაუბროს სააკაშვილის მკურნალ ექიმს და შესაძლებლობის შემთხვევაში, თავად ექსპრეზიდენტს.

"დიდი ხანია მე პირადად არ მინახავს, შეიძლება ვთქვათ, რომ ბოლოს ვნახე გორის ჰოსპიტალში, თუმცა ჩემი წარმომადგენლები რეგულარულად ახორციელებდნენ ვიზიტს. ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას და სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ გვაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდში ისმის შემაშფოთებელი შეფასებები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების თაობაზე, ამ ვითარებაში მივიღე გადაწყვეტილება მოვიდე და პირადად გავეცნო მის მდგომარეობას. მე არ მახლავს ექიმები, თუმცა ვეცდები გავესაუბრო სამედიცინო პერსონალს, მის მკურნალ ექიმს, თუ იქნება შესაძლებლობა პირადად სააკაშვილსაც, თუ მას ექნება ფიზიკური შესაძლებლობა და სურვილი და მივიღო ინფორმაცია, აქ არსებული მდგომარეობის თაობაზე", - ამბობს ლომჯარია ფორმულასთან საუბარში.

ომბუდსმენი პენიტენციურ სამსახურს მიმართავს რეკომენდაციით, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის შემთხვევაში, იმოქმედოს პატიმრის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დასაცავად.

"ჩემი რეკომენდაცია იქნება ის, რაც გვაქვს სხვა პატიმრების შემთხვევაშიც. თუკი იქნება სამედიცინო დასკვნა, რომელიც ისაუბრებს მისი ჯანმრთელობის ზუსტი მდგომარეობის თაობაზე და იმ საჭიროებების თაობაზე, რაც მას, როგორც პაციენტს აღენიშნება, რა თქმა უნდა, პენიტენციურმა სამსახურმა უნდა იმოქმედოს შესაბამისად, მე პირადად ველოდები ამ სამედიცინო დასკვნას და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პატიმრის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების დასაცავად. ჩემი რეკომენდაციაა, დაველოდოთ დასკვნას და პენიტენციურმა სამსახურმა უნდა იმოქმედოს პატიმრის უფლებების დაცვის შესაბამისად", - ამბობს ომბუდსმენი.

ლომჯარიამ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის შესახებ დასკვნის შემდეგ, მნიშვნელოვანია ზურაბიშვილს ჰქონდეს მკაფიო პოზიცია და მოსთხოვოს ხელისუფლებას, იმოქმედოს ადამიანისა და პატიმრის უფლებების სტანდარტების შესაბამისად.

"ძალიან მნიშვნელოვანია მისი დაინტერესება, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი, როგორც უმაღლესი თანამდებობის პირი იყოს დაინტერესებული ამ საკითხით. კარგია, რომ ეცნობა და დაინტერესებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით. ალბათ მისი პოზიტიური როლი იქნება იმაში, რომ თუკი იქნება დასკვნა, რომელიც ისაუბრებს კონკრეტული საჭიროებების შესახებ პატიმრის, ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდეს ძალიან მკაფიო პოზიცია და მისი დამოკიდებულება გამოხატოს და მოსთხოვოს ხელისუფლებას, იმოქმედოს ადამიანის და პატიმრის უფლებების სტანდარტის შესაბამისად", - თქვა ლომჯარიამ.


close დახურვა