logo
ENG



სასამართლომ კალაძის მიმართ TV პირველსა და მაია მამულაშვილს 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა

30 ნოე 202213:03
3 წუთის საკითხავი
 

სასამართლომ TV პირველსა და ჟურნალისტ მაია მამულაშვილს 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას ამის შესახებ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე ავრცელებს.

"იმის გამო რომ, კახი კალაძეს მაია მამულაშვილის დასმული კითხვა არ მოეწონა, სასამართლომ პირველს და მაია მამულაშვილს დააკისრა 15 ათასი ლარის გადახდა. TV პირველი ამ თანხას ვერ გადაიხდის, რადგან ანგარიშებს ადევს ინკასო. შესაბამისად შემდეგ ნაბიჯი იქნება კალაძე აღსრულებას მიმართავს, რომ ტელევიზიიდან კამერები წაიღოს, ან მაია მამულაშვილის სახლიდან, ამ თანხის ოდენობის ნივთები, სამეული მაცივარი და ან ტელევიზორი. ველოდებით აღსრულების სამსახურის, მერის მიმართვის საფუძველზე როგორ შემოდის ტელევიზიაში, ნივთების წასაღებად.

P.S. კახა კალაძე ჩემს კომპიუტერს ვერ წაიღებთ, ტელევიზიის არაა ჩემია და სადაც ვმუშაობ ყველგან თან დამაქვს", - ამბობს ნოდარ მელაძე.

კახა კალაძის ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია ამბობს, რომ დაკისრებული თანხა ნორმალური ანაზღაურებაა.

"სამწუხაროა, ვთქვათ, რომ უფრო მეტი არ დაეკისრა", - აღნიშნა ადვოკატმა.

კახა კალაძემ საქალაქო სასამართლოს რამდენიმე თვის წინ მიმართა. მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის ის 100 ათას ლარს მოითხოვდა. კალაძე ჟურნალისტის მიერ, მისი აზრით, ცილისმწამებლური ცნობის უარყოფასაც ითხოვდა.

საქმე ეხებოდა მაია მამულაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კახა კალაძის მიერ ტენდერებში სავარაუდო კორუფციულ გარიგებას. 


close დახურვა