logo
ENG



სერგეენკო ემპათიას დასკვნაზე: ეჭვი შეიძლება შეიტანოს მხოლოდ ექიმმა და არა პოლიტიკოსმა

01 დეკ 202214:06
3 წუთის საკითხავი
clock 702

ქართული ოცნების დეპუტატი დავით სერგეენკო ცენტრ ემპათიას მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებულ სამედიცინო დასკვნაზე საუბრისას ამბობს, რომ "დასკვნაში ეჭვი შეიძლება შეიტანოს ან არ შეიტანოს მხოლოდ ექიმმა და არა პოლიტიკოსმა".

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ მოუნახულებია მას სააკაშვილი, სერგეენკო პასუხობს, რომ მისი მხრიდან სააკაშვილის მონახულება იქნებოდა "პოლიტიკური ნაბიჯი".

"სამედიცინო დასკვნაში შეიძლება ეჭვი შეიტანოს ან არ შეიტანოს მხოლოდ ექიმმა კლინიცისტმა და არა პოლიტიკოსმა.

ერთადერთი მიზეზის გამო, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ავადმყოფის და პატიმრის შესახებ ზრუნვა ყველა ადამიანის ვალია, მართლაც გულწრფელად მჯერა, რომ პოლიტიკური ანგაჟირება ამ საკითხის, მხოლოდ ვნებს ამ ადამიანის ჯანმრთელობას. ჩემი იქ მისვლა იქნებოდა არა ექიმი კლინიცისტის ჩართულობა, არამედ პოლიტიკური ნაბიჯი. ნებისმიერი პოლიტიკური ტემპერატურის აწევა მხოლოდ ავნებს ამ ადამიანს და ასე ვთვლი, რომ ჩემი მისვლა იქნებოდა, როგორც არა ექიმის მისვლა, არამედ პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო დაძაბავდა პოლიტიკური ტემპერატურას", - თქვა სერგეენკომ ფორმულასთან საუბარში.

ცენტრი ემპათიას სასამართლო საექსპერტო კომისიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით 10 ქართველი და 6 საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩაატარა.

ემპათიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს 10-მდე წამყვანი დიაგნოზი აქვს, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. ასევე დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ საჭიროებს პატიმრობიდან გათავისუფლებას და გადაუდებელ დიაგნოსტიკას.

ქართულ ოცნებაში ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ემპათიას მიერ მომზადებულ დასკვნას გამოეხმაურნენ. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამობს, რომ ემპათია "ნაცმოძრაობასთან დაკავშირებულია" და მისი თქმით, აქედან გამომდინარე ცენტრის მიმართ "სანდოობა არის ნული".


close დახურვა