logo
ENG



სახალხო დამცველის შეფასებით, გვარამიას საქმეში პოლიტიკური მოტივაცია დასტურდება

07 დეკ 202217:01
3 წუთის საკითხავი
 
სახალხო დამცველის შეფასებით, გვარამიას საქმეში პოლიტიკური მოტივაცია დასტურდება

საქართველოს სახალხო დამცველმა მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სააპელაციო განაჩენის შესწავლა დაასრულა. მისი შეფასებით, გვარამიას სისხლის სამართლის საქმეში პოლიტიკური მოტივაცია დასტურდება.

ომბუდსმენს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი (ადამიანის უფლებების შეზღუდვა არაკონვენციური/პოლიტიკური მოტივით).

"აღნიშნულ შეფასებას საფუძვლად დაედო არა მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებების და საქმის მასალების შესწავლა, არამედ, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები ნიკა გვარამიას მისამართით (პატიმრობამდე და პატიმრობის შემდგომ), ასევე ქვეყანაში არსებული მედია გარემოს ანალიზი)"

სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი სააპელაციო განაჩენი არ არის დასაბუთებული, წარმოადგენს კორპორატიული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევას და საქმეში არსებული პოლიტიკური მოტივი გადაწონის მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესს.

ამასთან, ომბუდსმენი კიდევ ერთხელ მიმართავს სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული მექანიზმი და შეიწყალოს ნიკა გვარამია.

"ე.წ. რეკლამების ეპიზოდთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით ჯერ კიდევ 2019 წელს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, სადაც აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას ბრალდების მსგავსი სამეწარმეო გადაწყვეტილება ვერ გამოიწვევს არათუ სისხლისსამართლებრივ, არამედ კორპორატიულ პასუხისმგებლობასაც კი. რაც შეეხება, ე.წ. მანქანის ეპიზოდს, სახალხო დამცველმა 2022 წლის 8 ივნისს გამოაქვეყნა საქმის შემოწმების შედეგები და მიუთითა, რომ ამ ნაწილშიც არ დასტურდებოდა სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნები და ასევე საკვანძო ფაქტობრივი გარემოებები სათანადო დასაბუთებული შეფასების გარეშე რჩებოდა. გარდა ამისა, დაუსაბუთებლად შევაფასეთ ასევე, პირველი ინსტანციის განაჩენით შეფარდებული სასჯელი. მართლმსაჯულების არსებითი ხარვეზებით განხორციელების გამო, სახალხო დამცველმა საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების მიზნით მიმართა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ნიკა გვარამიას სასჯელი არაჯეროვანი დასაბუთებით დამძიმდა და 50 000 ლარიანი ჯარიმა შეიცვალა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთით. დანარჩენ ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი პირველი ინსტანციის განაჩენის მსგავსად არ შეიცავდა დასაბუთებებს ძირითად და საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო ყველა ჩვენი შენიშვნა და შეფასება კვლავ აქტუალურია.

გამომდინარე იქიდან, რომ დაცვის მხარე აპელირებდა კონვენციის მე-18 მუხლზე, საქართველოს სახალხო დამცველმა აღნიშნულ საქმეში ეს საკითხიც შეისწავლა. პოლიტიკოსების განცხადებების, ქვეყანაში არსებული მედია გარემოს, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების შეფასებების გათვალისწინებითა და იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ მართლმსაჯულება არსებითი ხარვეზებით განხორციელდა, ხოლო თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ ნიკა გვარამიას მიმართ იქნა გამოყენებული, ნათლად ადასტურებს, რომ საქმეში არსებულ კანონიერ მიზანს პოლიტიკური მიზანი გადაწონის. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ფონზე, რომ ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენები სისხლის სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს არ შეესაბამება და აქვს დასაბუთებულობის პრობლემა. სახალხო დამცველის აღნიშნული შეფასება ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიდგომებს"- ნათქვამია განცხადებაში.

***

2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქოს გადაწყვეტილება და ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა. 

სასამართლომ გვარამია გარდა ავტომობილის ეპიზოდისა, დამნაშავედ ცნო სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით მიესაჯა.

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.

ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო. სასამართლომ დამნაშავედ ცნო გვარამია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, კერძოდ პორშეს ეპიზოდში და სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. თითქმის 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზე კი სასამართლომ მუხლი გადაკვალიფიცირდა. გაფლანგვის ნაცვლად გვარამია და დამენია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ. დამენიას 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

ზურაბ იაშვილი და ნიკა გვარამია კომერციულ მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების საქმეზე უდანაშაულოდ ცნეს. ნიკა გვარამიას მიმართ 2022 წლის 16 მაისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს, რაც დეტალურადაა აღწერილი საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული შეფასებებში.


close დახურვა