ჩასწორება: თავდაპირველად გავრცელდა არაზუსტი ინფორმაცია, რომ ფოტოები 1 თვის წინაა გადაღებული. ფოტოების გადაღების ზუსტი თარიღია 2022 წლის 29 აგვისტო. ამ ფოტოების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად არის გაუარესებული.
შაბათის ფორმულამ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოები მოიპოვა, რომლებიც ვივამედში არის გადაღებული.
დეტალებს 10 დეკემბერს, 20:00 საათზე შაბათის ფორმულაში ნახავთ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და ექსპერტები, ვინც ყოფილი პრეზიდენტი ვივამედში მოინახულეს აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა ბოლო თვეების განმავლობაში არ გაუმჯობესებულა და მას მრავალპროფილურ კლინიკაში მკურნალობა სჭირდება. ადვოკატები მოითხოვენ, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაუშვან.
ცენტრ ემპათიას დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს 10-მდე წამყვანი დიაგნოზი აქვს, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. ასევე დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ საჭიროებს პატიმრობიდან გათავისუფლებას და გადაუდებელ დიაგნოსტიკას.
გარდა ამისა, ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.
სახალხო დამცველის კონსილიუმიც მიუთითებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სხვა ქვეყნის კლინიკაშია გადასაყვანი. თენგიზ წულაძის თქმით, სააკაშვილი 4 დეკემბერს გასინჯეს და აპრილთან შედარებით მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუარესებული. მისივე თქმით, სააკაშვილი დახმარების გარეშე ვერ დგება, კონტაქტში შემოსვლა უჭირს.