logo
ENG



ბრეგაძე სააკაშვილზე: თუ არ შეწყდება სიმულაციები, იძულებული გავხდებით, გავასაჯაროოთ კადრები

13 დეკ 202222:24
3 წუთის საკითხავი
 
ბრეგაძე სააკაშვილზე: თუ არ შეწყდება სიმულაციები, იძულებული გავხდებით, გავასაჯაროოთ კადრები

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით "გარკვეულ სიმულაციებს აქვს ადგილი". მისი თქმით, არსებობს ამის ვიდეო მტკიცებულებებიც.

ბრეგაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ "არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები", იძულებული გახდებიან გაასაჯაროონ გარკვეული ვიდეო მტკიცებულებები.

"მე ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუმცა გარკვეული სიმულაციები, რა თქმა უნდა, არის, ამის შესაბამისი მტკიცებულებებიც არის. ჩვენ აქამდე შეგნებულად ვიკავებდით თავს მსგავსი საუბრისგან, ყოველთვის მოვუწოდებდით დამორჩილებოდა ექიმების თხოვნას, ჩაეტარებინა სრულფასოვანი მკურნალობა, ხელი შეეწყო, როგორც მას, ასევე მის გარემოცვასაც მკურნალი ექიმებისთვის, მაგრამ თამამად უნდა ითქვას, რომ სრულფასოვან მკურნალობას ვერ ვხედავთ და გარკვეულ სიმულაციებს აქვს ადგილი.

როდესაც ვსაუბრობთ და ვამბობთ რაიმეს, კონკრეტულად მეც ვთქვი, რომ გარკვეული სიმულაციები შეიძლება ვიხილოთ, რა თქმა უნდა, ამას აქვს თავისი დამადასტურებელი მასალა და ასეთი არის, მათ შორის ვიდეო მასალა, შემიძლია ეს დაგიდასტუროთ. ასევე, ეს ვიდეო მასალა ნათლად აჩვენებს, გვაქვს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ეს ადამიანი, იყო შემთხვევები, როდესაც ხელს უშლიდა ექიმების საქმიანობას, ასევე სასამართლო საქმიანობას, შესაბამისად, ჩვენ ვერიდებით ამაზე საუბარს, მაგრამ თუკი, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, რასაც ჰქვია ქართველი ხალხის, სახელმწიფოს უსაფრთხოება და ასევე საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და იმის დადასტურება, რომ სახელმწიფოში არავის აწამებენ და საქართველოსგან არ უნდა შეიქმნას მტრის ხატი, იძულებული გავხდებით, თუ არ შეწყდება ეს სიმულაციური ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლოზე ზეწოლას, იმისთვის რომ მოპოვებული იყოს თავისუფლება სამართლებრივი გზების გარეშე და განხორციელდეს კონსტიტუციით აკრძალული ქმედება, ამ მიზნიდან გამომდინარე იძულებული გავხდებით, გავასაჯაროოთ გარკვეული კადრები, იმ შემთხვევაში, თუ არ შეწყდება ეს სიმულაციური მოქმედებები", - თქვა ბრეგაძემ რუსთავი 2-თან საუბრისას.


close დახურვა