logo
ENG



3 პარტია: 2008 წლის ომზე საერთაშორისო სამართლებრივი მდგომარეობა ფუნდამენტურად შეიცვალა

19 დეკ 202211:41
3 წუთის საკითხავი
clock 594

დროა, სტრატეგია აღმაშენებელი და გირჩი - მეტი თავისუფლება ეხმაურებიან ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას 2008 წლის ომთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ ახლა საერთაშორისო სამართლებრივი მდგომარეობა აგვისტოს ომთან დაკავშირებით ფუნდამენტურად შეიცვალა.

პარტიების ლიდერები მიიჩნევენ, რომ ახლა საჭიროა კონკრეტული აქტივობა და დევნილებისთვის ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

"გვაინტერესებს, აღძრა თუ არა იმავე ტიპის სისხლის სამართლის საქმე ქართულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა იმ სამ ადამიანთან მიმართებით, რომლებიც ჰააგის პროკურორის მიერაა დასახელებული, როგორც ბრალდებულები საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ საომარ მოქმედებებში.

მეორე - არის თუ არა რაიმე კონკრეტული სამოქმედო გეგმა საერთაშორისო ასპარეზზე იმიტომ, რომ მთლიანად იცვლება სამართლებრივი საფუძვლები, საქართველოს უჩნდება უფლება მოითხოვოს რეპარაცია ანუ ზიანის ანაზღაურება იმ დევნილებისთვის, რომლებმაც უშუალოდ ზიანი მიიღეს 2008 წელს. ფუნდამენტურად შეიცვალა საერთაშორისო სამართლებრივი მდგომარეობა 2008 წლის ომთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანია ახლა კონკრეტული აქტივობა.

აქვე, მინდა მივმართო სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებს, არასამთავრობო თუ იურიდიულ კომპანიებს, რომ მოდით გავაერთიანოთ ძალისხმევა და იქ, სადაც ქართული ოცნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ იცავს, ჩვენ მოვამზადოთ სამართლებრივი საფუძვლები იმისათვის, რომ ერთი მხრივ რეპარაცია განხორციელდეს, არამხოლოდ 2008 წლის, არამედ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ყველა აგრესიული ქმედებების საფასურად და მეორე მხრივ, საერთაშორისო ასპარეზზე არ ჩამოვიტანოთ საქართველოს საკითხი"- თქვა გიორგი ვაშაძემ.

ელენე ხოშტარიას თქმით, დადასტურდა, რომ "სამშვიდობოებისა და ცხინვალის ეპიზოდში" საქართველოს არანაირი ბრალეულობა არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ომის დაწყების ის ვერსია, რომელიც რუსეთმა და ქართულმა ოცნებამ მოგვახვიეს თავს, არის უბრალოდ დამსხვრეული

"ჩვენ არანაირი ილუზია არ გვაქვს, რომ ქართული ოცნება გადადგამს იმ ნაბიჯებს პოლიტიკურად და სამართლებრივად, რომელიც გამომდინარეობს ამ გადაწყვეტილებიდან. უნდა გვესმოდეს, რომ ხელისუფლება უნდა მოვიცილოთ იმისთვის, რომ ამ პარადიგმაში ჩვენი ქვეყანა ჩაჯდეს და ვიმუშაოთ, მაგრამ მათ მოცილებამდე ჩვენ ვაპირებთ, ვიპოვოთ პარტნიორები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ კონკრეტული მიმართულებებით ვიმუშაოთ. უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, საერთაშორისო სანქციები და დაკავების ორდერი უნდა იყოს გამოწერილი მათ მიმართ. ასევე, რეპარაციები, შეიძლება იყოს გრძელი პროცესი, მაგრამ დღეს ყველანაირი კონტექსტი შექმნილია, რომ ეს ასე მოხდეს და ასევე, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში უნდა ვნახოთ კონკრეტული რეზოლუციების ინიცირება. ჩვენ უნდა ვნახოთ მეგობრები, რომლებიც ამას იზამენ იმისთვის, რომ გამყარდეს ეს რეალობა"- ამბობს ხოშტარია.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა 16 დეკემბერს განაცხადა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპი დასრულდა. 

კარიმ ხანი განცხადებაში აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაარსებიდან 20 წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პროკურორის ოფისმა გადაწყვიტა სასამართლოს წარმოებაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპი დაესრულებინა.

***

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წინასასამართლო პალატამ 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილი დანაშაულების გამო 3 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა. დაპატიმრების პირველი ორდერი მიმდინარე წლის მარტში გაიცა. 

პალატამ პატიმრობის ორდერი 3 ადამიანზე გამოსცა:

1. მიხეილ მაიარამის ძე მინძაევი - რუსეთის მოქალაქე, დაიბადა 1955 წელს, ჩრდილოეთ ოსეთში, ვლადიკავკაზში. 2005 წლიდან 2008 წლამდე იყო ე.წ სამხრეთ ოსეთის ე.წ შინაგან საქმეთა მინისტრი. მას ბრალად ედება 2008 წლის 8-დან 27 აგვისტომდე  ომის დანაშაულების ჩადენა, კერძოდ: უკანონო პატიმრობა, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ადამიანის ღირსების შეურაცხყოფა, მოქალაქეების მძევლად აყვანა და უკანონოდ გადაყვანა.

2. ჰამლეტ გუჩმაზოვი - რუსეთის და სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1976 წელს სამაჩაბლოში. 2008 წელს იზოლატორის ხელმძღვანელი იყო. მას ბრალად ედება 2008 წლის 8-დან 27 აგვისტომდე  ომის დანაშაულების ჩადენა, კერძოდ: უკანონო პატიმრობა, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ადამიანის ღირსების შეურაცხყოფა, მოქალაქეების მძევლად აყვანა და უკანონოდ გადაყვანა.

3. დავით გიორგის ძე სანაკოევ - დაბადებული 1976 წელს ცხინვალში. ოკუპირებულ ცხინვალში პრეზიდენტის წარმომადგენელი იყო ადამიანის უფლებათა საკითხებში, ე.წ ომბუდსმენი. მას ბრალად ედება 2008 წლის 8-დან 27 აგვისტომდე  ომის დანაშაულების ჩადენა, კერძოდ მოქალაქეების მძევლად აყვანა და უკანონოდ გადაყვანა.

***

2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა. სამხედრო ესლაკაცია კი ნაბიჯ-ნაბიჯ, 2008 წლის აპრილიდანვე დაიწყო. 

2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც. 

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია. 


close დახურვა