logo
ENG



"სამარცხვინოა" - ქებაძე ამბობს, რომ სამინისტრომ მსოფლიოზე გამარჯვების მილოცვის პოსტი წაშალა

20 დეკ 202212:34
3 წუთის საკითხავი
clock 1216

სამბისტი ელენე ქებაძე ამბობს, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ფეისბუქიდან წაშალა ის პოსტი, სადაც მას მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებას ულოცავდნენ. სპორტსმენის თქმით, გამარჯვების შემდეგ მას სამინისტროდანაც არავინ შეხვედრია.

"სამწუხაროა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონი ხდები უკვე მეორედ და სპორტის სამინისტროდან აეროპორტშიც კი არავინ გხვდება, აღარაფერს ვამბობ პირადად შეხვედრაზე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სპორტის მინისტრი ქალბატონია. კარგი, ალბათ არ სცალიათ, ყველაფერი გასაგებია. შესაძლებელია, რომ ყველაფერს თავისი ახსნა მოვუძებნოთ, მაგრამ იმ ფაქტზე რას იტყვით, როდესაც სპორტის სამინისტრო მოგილოცავს ფეისბუქზე და დღეს ვნახულობთ, რომ ეს პოსტი წაშლილია?! ძალიან სამარცხვინოა, რომ მილოცვა უკან წაიღეს.

არა უშავს, მე ვაგრძელებ ვარჯიშს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი გულშემატკივარი და სრულიად საქართველო კიდევ ბევრჯერ გავახარო და ვასახელო!" - წერს ელენე ქებაძე ფეისბუქზე.

ქართველი სამბისტი ელენე ქებაძე 13 ნოემბერს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. +80 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა სამბოს საერთაშორისო ასოციაციის სახელით მოასპარეზე ანჟელა გასპარიანი დაამარცხა.

მოგესალმებით, ელენე. კიდევ ერთხელ გილოცავთ მიღწეულ წარმატებას. სამინისტროს გვერდზე კვლავაც განთავსებულია მისალოცი პოსტი და ამგვარი განცხადების გაკეთებამდე გთხოვთ გადაამოწმოთ ინფორმაცია.

მოგვიანებით კულტურის სამინისტრომ ელენე ქებაძეს პოსტზე უპასუხა და განაცხადა, რომ მისალოცი პოსტი კვლავაც განთავსებულია. ამავე პოსტის ქვეშ დატოვებულ კიდევ ერთ კომენტარში კი სამინისტრო აღნიშნავს, რომ სპორტსმენმა "უსამართლო პოსტი" შექმნა და დაფინანსება წამოაძახა. 

"ბოლო დროს, თორემ მხარდაჭერა მხოლოდ ბოლო დროით არ შემოიფარგლება და ამ სპორტის სახეობასაც უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე ერთი სპორტსმენისთვის გაღებული სახსრებია. ეს მხარდაჭერა გაგრძელდება მიუხედავად იმისა, თუ რას დაწერთ კიდევ (დაგვამადლეს, აეროპორტში არ მოვიდნენ და სხვა).

  • თქვენ ყოველთვიური ხელფასი 1050 ლარი გერიცხებათ სპორტის სამინისტროსგან;
  • მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს მედლის შესაბამისი პრემია 17 ათასი ლარის ოდენობით ჩაგირიცხათ სწორედ სპორტის სამინისტრომ;
  • 5 156 ლარი - მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა სპორტის სამინისტრომ დაგიფინანსათ;
  • მოსამზადებელი შეკრებები, ეკიპირება და მრავალი სხვა ხარჯი ასევე სპორტის სამინისტრომ დააფინანსა.

მომავალშიც დიდ წარმატებებს გისურვებთ!" - წერს სამინისტრო.

 


close დახურვა