თალიბანმა გამოაცხადა, რომ ავღანეთში ქალებს უნივერსიტეტში სწავლა აეკრძალებათ. როგორც განათლების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შედის და გაურკვეველი დროით იქნება.
მას შემდეგ რაც ავღანეთში ძალაუფლება თალიბანმა ჩაიგდო ხელში, ქალებს ეტაპობრივად განათლების უფლების მიღებას უზღუდავენ. გასულ წელს გოგოებს საშუალო სკოლაში სიარული აუკრძალეს. თავდაპირველად თალიბები აცხადებდნენ, რომ ეს დროებითი ზომა იყო, თუმცა მას შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა.
უნივერსიტეტებში მისაღები გამოცდები სამი თვის წინ ჩატარდა და აბიტურიენტებს შორის ათასობით ქალი იყო. თუმცა, მკაცრი შეზღუდვები დაწესდა იმ საგნებსა და პროფესიებზე, რომელთა შესწავლაც შეეძლოთ: ვეტერინარია, ინჟინერია, ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა აიკრძალა ქალებისთვის, ხოლო მკაცრი შეზღუდვები დაწესდა ჟურნალისტიკაზე.
გარდა ამისა, გასულ წელს უნივერსიტეტში ქალებმა და კაცებმა განცალკევებით სწავლა დაიწყეს და სხვადასხვა შესასვლელები გააკეთეს. ამავე დროს, ქალებს მხოლოდ ქალები ან გარკვეული ასაკის კაცები ასწავლიდნენ.
ნოემბერში ქაბულის მცხოვრებელ ქალებს პარკებში შესვლა, აუზებსა და სპორტ დარბაზებში სიარული აეკრძალათ. თალიბებმა ჩათვალეს, რომ მსგავსი ქცევა შარიათის წესებს არღვევს.